ფეხბურთი

1:46 | 1.03.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" მორიგი ნაბიჯი სკუდეტოსკენ და ბრძოლაში დარჩენილი "მილანი"

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში ლიდერებს შორის სხვაობა იგივე დარჩა, რაც ამ ტურამდე იყო: „ინტერი“ „მილანს“ ისევ 4 ქულით უსწრებს და ბრძოლა ბოლომდე იქნება, მაგრამ ფავორიტად ანტონიო კონტეს გუნდი რჩება.

„ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „ჯენოას“ უმასპინძლა და ძალიან ადვილად დაამარცხა. თამაში 35 წამის დაწყებული იყო, „ნერაძური“ რომ იგებდა. რომელუ ლუკაკუმ შესანიშნავად ითამაშა და სეზონშ მე-18 გოლი გაიტანა. ბელგიელი გარდა იმისა, რომ თავის გუნდს სკუდეტოსკენ მიაქანებს, თვითონ ბომბარდირობისთვის იბრძვის და კრიშტიანუ რონალდუს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩება. კონტეს შეგირდებმა მეორე ტაიმში შეძლეს უპირატესობის განმტკიცება მატეო დარმიანისა და ალექსის სანჩესის გოლებით. შედეგად, „ინტერმა“ 3:0 მოიგო და 56 ქულას მოუყარა თავი. შავ-ლურჯები ჩემპიონები თუ ვერ გახდებიან, ეს მხოლოდ მათი ბრალი იქნება, რადგან სკუდეტოს მოსაგებად ყველანაირი წინაპირობა აქვთ შექმნილი.

ტურის ცენტრალურ მატჩში „მილანი“ „რომას“ ესტუმრა და ზედიზედ ორი წაგების, ხოლო ყველა ტურნირზე 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ უშუალო კონკურენტს აჯობა, რითაც არა მხოლოდ სკუდეტოზე ამბიცია შეინარჩუნა, არამედ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის პერსპექტივა კიდევ უფრო გაიმყარა. „როსონერი“ ტაიმის ბოლოს ფრანკ კესიმ დააწინაურა,რასაც მეორე ნახევრის დასაწყისში ჯორდან ვერეტუმ ლამაზი გოლით უპასუხა, მაგრამ მალევე ანტე რებიჩმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და სტეფანო პიოლის გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ჩამორჩენა მხოლოდ 4 ქულაა „ინტერთან“, ჩემპიონთა ლიგაზე 7-წლიანი პაუზის მერე დაბრუნების საკითხი კი ახლოვდება.

მოიგეს ბერგამოს „ატალანტამ“ და „ნაპოლიმ“ რის შედეგადაც ოთხეულისკენ გადადგეს ნაბიჯი და „იუვენტუსს“ მიუახლოვდნენ. ამდენად, დარჩენილ 14 ტურში არა მარტო საჩემპიონო ბრძოლა, არამედ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთის სერიოზული ბრძოლა გველოდება, რომლისთვის რა უნდა უცნაური იყოს, „იუვენტუსს“ მოუწევს ბრძოლა, რომელსაც იქ ადგილი ბოლო ათწლეულში ყოველთვის მარტივად ჰქონდა გარანტირებული.

„სამპდორია“ – „ატალანტა“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მალინოვსკი (40), 0:2 გოსენსი (70)

„კროტონე“ – „კალიარი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 პავოლეტი (56), 0:2 ჟოაო პედრო (60, პენ)

„ინტერი“ – „ჯენოა“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლუკაკუ (1), 2:0 დარმიანი (69), 3:0 სანჩესი (79)

„უდინეზე“ – „ფიორენტინა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ნესტოროვსკი (86)

„ნაპოლი“ – „ბენევენტო“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 მერტენსი (34), 2:0 პოლიტანო (66)

„რომა“ – „მილანი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 კესი (43, პენ), 1:1 ვერეტუ (50), 1:2 რებიჩი (58)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.163651