„სიტის“ ვეღარ აჩერებენ და ალბათ ვეღარც გააჩერებენ. „ქალაქელებმა“ ზედიზედ მე-20 მატჩი მოიგეს ყველა ტურნირში. ამჯერად მათი მსხვერპლი კერკეტი „ვესტ ჰემი“ გახდა. თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში ბურთი მასპინძლების იყო. არც ჩქარობდნენ. ნახევარი საათის თავზე ანგარიშიც გახსნეს. რუბენ დიაშმა გაიტანა. თუმცა ტაიმის ბოლოს „სიტი“ უცებ მოეშვა და საპასუხო ბურთიც მიიღო საკუთარ კარში. მაგრამ ეს მხოლოდ მოკლე ეპიზოდი იყო.
მეორე ტაიმში ისინი კვლავ ყველაფრის ბატონ-პატრონები გახდნენ. გამარჯვებისა ჯონ სტოუნზმა შეაგდო.
ბევრი „სიტის“ უკვე ჩემპიონად მოიხსენებს, თუმცა გვარდიოლა ამას ეწინააღმდეგება. ყველა ტურნირში ზედიზედ მოგებათა რეკორდი - 26, იოჰან კრუიფის ლეგენდარულ „აიაქსს“ ეკუთვნის 1971-72 წლების სეზონში. რაღა დარჩა. თანაც, იმ „აიაქის“ არ იყოს, „სიტიც“ ტოტალური ფეხბურთის ნაირსახეობას თამაშობს. გვარდიოლა ხომ კრუიფის მოსწავლეა. აბა დავუკვირდეთ, „ვესტ ჰემთან“ ორივე გოლი მცველებმა გაიტანეს...
„ასეთ დროს, ასეთ სიტუაციაში ზედიზედ 20 მატჩის მოგება ალბათ ჩემი და „სიტის“ ფეხბურთელების ყველაზე დიდი მიღწევაა კარიერაში. მართალია, ეს არ არის ტიტულის გარანტია. მაგრამ ასეთი სერია ახლა, ინგლისისთვის ურთულესი პანდემიის პერიოდში, ზამთარში, როცა ხეირიანად აღდგენის საშუალებაც არ გვაქვს და ტრავმებიც მოგვეძალა, ჩვენი ხასიათის სიმტკიცეს ადასტურებს.“ - თქვა შემდეგ გვარდიოლამ.
„სიტის“ ახლა 62 ქულა მოუგროვდა და 13 პუნქტით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ თანაქალაქელ „იუნაიტედს,“ თუმცა „ეშმაკუნებმა“ ერთი თამაშით ნაკლები გამართეს და კვირას „ჩელსის“ ეწვევიან.
გვარდიოლამ კი მწვრთნელის რანგში კარიერაში ყველა ტურნირში მე-500 გამარჯვება მოიპოვა: „ბარსელონაში“ – 179, „ბაიერნში“ – 121 და „სიტიში“ – 200.
უცნაური თამაში გამოდგა ვესტ ბრომვიჩში, სადაც „ვესტ ბრომვიჩი“ „ბრაიტონს“ მასპინძლობდა. 30-ე წუთამდე თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივად მიდინარეობდა, მერე კი მთავარი ფიგურა არბიტრი ლი მეისონი გახდა.
„ვესტ ბრომვიჩი“ 1:0 იგებდა და მათ კარში საჯარიმო დაინიშნა. მასპინძელთა მეკარე, სემ ჯონსტონი „კედელს“ აყენებდა, როცა მეისონმა ჩასტვინა. „ბრაიტონის“ მცველმა ლუის დანკმა მაშინვე დაარტყა და გაკვირვებული ჯონსტონის კარში გაიტანა. გაკვირვებულის იმიტომ, რომ ამ დროს მსაჯმა მეორედ დაუსტვინა და გოლი არ ჩათვალა. როგორც შემდეგ ახსნა, მეორე სასტვენით თამაში გააჩერა, რადგან „კედელი“ ბოლომდე გასწორებული არ იყო.
ამას ბრაიტონელთა პროტესტი მოჰყვა. ცოტა ხანში არბიტრმა ხელი ცენტრისკენ გაიშვირა, ანუ გოლი ჩათვალა. ახლა „ვესტ ბრომვიჩი“ აფეთქდა. არბიტრი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. დადგა ვარ-ის დრო. მეისონი კარგა ხანს, დაახლოებით ხუთ წუთს არკვევდა ვითარებას და ბოლოს გოლი მაინც გააუქმა.
კიდევ. ამ ეპიზოდის გარდა „ბრაიტონს“ ორჯერ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება. მეისონმა ორჯერ დანიშნა მასპინძელთა კარში თერთმეტმეტრიანები, მაგრამ პასკალ გროსმა ხარიხა შეაზანზარა, დენი უელბეკმა კი ძელს მოარტყა ბურთი.
ინგლისი
პრემიერლიგა. 26-ე ტური. 27 თებერვალი
სიტი - ვესტ ჰემი 2:1
მანჩესტერი. „ეტიჰადი.“
1:0 დიაში (30), 1:1 ანტონიო (43), 2:1 სტოუნზი (68)
სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, სტოუნზი, ზინჩენკო, გიუნდოგანი (როდრი 89). დე ბრუინი, ფერნანდინიო, აგუერო (ჟეზუსი 61), ტორესი (ფოდენი 65), მაჰრეზი
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
ვესტ ჰემი: რენდოლფი, კრესუელი, დოუსონი, დიოპი, ცოუფალი, სოუჩეკი, ჯონსონი (ბოუენი 84), რაისი, ლინგარდი, ფორნალსი, ანტონიო (ბენრაჰმა 83)
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
გაფრთხილება: ფერნანდინიო (90+3); ჯონსონი (28)
ვესტ ბრომვიჩი - ბრაიტონი 1:0
1:0 ბარტლი (11)
გროსმა (მე-19 წთ) და უელბეკმა (74-ე წთ) - ორივე ბრაიტონი, ვერ გაიტანეს პენალტები
ლიდსი - ასტონ ვილა 0:1
0:1 ელ-ღაზი (5)
ნიუკასლი - ვულვერჰემპტონი 1:1
1:0 ლასელსი (52), 1:1 ნევეში (73)