ფეხბურთი

2:11 | 26.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა, 1/16 ფინალი: "მილანმა" ბეწვის ხიდზე გაიარა, "არსენალმა" დრამაში მოიგო

ევროპა ლიგაზე მერვედფინალისტთა ვინაობა გაირკვა. საპასუხო მატჩების უმეტესობა საინტერესო გამოდგა და რამდენიმე ფავორტმა ბეწვის ხიდზე გაიარა. ყველაზე მეტად ლონდონის „არსენალსა“ და „მილანს“ გაუჭირდათ.

„არსენალი“ ნომინალური მასპინძლის რანგში ლისაბონის „ბენფიკას“ დაუხვდა და უმძიმეს ბრძოლაში აჯობა. ინგლისელები პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით იგებდნენ, მაგრამ შემდეგ პორტუგალიელებმა ორჯერ იხეირეს. ვინაიდან პირველი მატჩი 1:1 იყო დასრულებული, „არსენალს“ აუცილებლად ორი გოლი ჰქონდა გასატანი, მაგრამ დრო ბევრი არ იყო. მიკელ არტეტას გუნდმა ანგარიში სწრაფად გაათანაბრა, შემდეგ კი ობამეიანგმა დუბლი შეასრულა და „მეთოფეებმა“ უმძიმეს ბრძოლაში 3:2 მოიგეს (ორი მატჩის ჯამში 4:3).

„მილანმა“ ერთი კვირის წინ „ცრვენა ზვეზდასთან“ სტუმრად სასურველი 2:2 ითამაშა, თუმცა მაშინ სერბებმა რიცხობრივ უმცირესობაში ითამაშეს. „სან სიროზე“ ფრანკ კესის პენალტით „მილანი“ მალევე დაწინაურდა, თუმცა შემდეგ დეიან სტანკოვიჩის გუნდი ფანტასტიკურად ათამაშდა და ანგარიშიც გაათანაბრა. ბელგრადელებს მეორე გოლიც სჭირდებოდათ და საგოლე შანსები არაერთგზის მიიღეს, მაგრამ ვერ გამოიყენეს. ბედად, „ცრვენა ზვეზდა“ ამ მატჩშიც რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, თუმცა „მილანმა“ ეს ისევ ვერ გამოიყენა და უფრო მეტიც, რომ არა ჯანლუიჯი დონარუმას ფანტასტიკური სეივი სერბები მეორე გოლს გაიტანდნენ და შემდეგ ეტაპზე გავიდოდნენ, რაც სხვათა შორის იტალიურ გრანდზე მეტად დაიმსახურეს. საბოლოოდ 1:1 და „მილანი“ მერვედფინალშია -ოდენ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით.

„მილანისგან“ განსხვავებით ძალიან ადვილად გავიდა მომდევნო ეტაპზე მეორე იტალიური გუნდი „რომა“, რომელმაც „ბრაგას“ ჯერ სტუმრად აჯობა 2:0 და ამჯერად მოუგო - 3:1. ასპარეზობას გამოეთიშა „ნაპოლი“, რომელმაც ესპანეთში „გრანადასთან“ 0:2 მარცხი შინ ვერ დაქაჩა და 2:1კი მოიგო, მაგრამ ორი მატჩის ჯამში წააგო. პრაღის „სლავია“ სენსაციის ავტორი გახდა, რადგან „ლესტერ სიტის“ სტუმრად 2:0 მოუგო და ჩეხურმა გუნდმა პრემიერლიგის ერთ-ერთი ლიდერი ასპარეზობას გამოთიშა. ევროპა ლიგას „ლევერკუზენიც“ დაემშვიდობა, რომელმაც „იანგ ბოიზთან“ სტუმრადაც წააგო (3:4) და შინაც (0:2). მერვედფინალშია დონეცკის „შახტარი“, რომელმაც თელ ავივის „მაკაბის“ აჯობა, დავით ხოჭოლავა თადარიგში იყო და არ უთამაშია. „მანჩესტერ იუნატედმა“ ცხადია „სოსიედადთან“ პირველ მატჩში მოპოვებული კოლოსარული უპირატესობა (4:0) არ გაანიავა და შინ უგოლო ფრით მერვედფინალში გავიდა.

„მილანი“ – „ცრვენა ზვეზდა“ 1:1 (2:2 პირველი მატჩი)

„რომა“ – „ბრაგა“ 3:1 (2:0)

„ლევერკუზენი“ – „იანგ ბოიზი“ 0:2 (3:4)

„ბრიუგე“ – „დინამო კიევი“ 0:1 (1:1)

„დინამო ზაგრები“ – „კრასნოდარი“ 1:0 (3:2)

„ლესტერი“ – „სლავია“ 0:2 (0:0)

„მანჩესტერი“ – „სოსიედადი“ 0:0 (4:0)

პსვ ეინდჰოვენი - „ოლიმპიაკოსი“ 2:1 (2:4)

„აიაქსი“ – „ლილი“ 2:1 (2:1)

„არსენალი“ – „ბენფიკა“ 3:2 (1:1)

„ჰოფენჰაიმი“ – „მიოლდე“ 0:2 (3:3)

„ნაპოლი“ – „გრანადა“ 2:1 (0:2)

„რეინჯერსი“ – „ანტვერპენი“ 5:2 (4:3)

„შახტარი“ – „მაკაბი“ 1:0 (2:0)

„ვილიარეალი“ – „ზალცბურგი“ 2:1 (2:0)

„ტოტენჰემი“ – „ვოლფსბერგერი“ 4:0 (4:1)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143255