ფეხბურთი

10:49 | 24.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ატალანტა" იტალიის და "რეალი" ესპანეთის ღირსების დასაცავად

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს მერვედფინალური ეტაპის ბოლო ორი მატჩი გაიმართება. ბერგამოში „ატალანტა“ „რეალს“ უმასპინძლებს, ხოლო „გლადბახი“ „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.

წინა 6 მატჩიდან ხუთში სტუმრებმა, ანუ ჯგუფში პირველადგილოსნებმა მოიგეს და მხოლოდ „იუვენტუსი“ იყო გამონაკლისი, რომელმაც „პორტუსთან“ კატასტროფულად ითამაშა. ზოგადი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ დღეს „რეალი“ და „სიტი“ გამოკვეთილი ფავორიტები არიან.

უფრო მეტად „სიტი“, რადგან „რეალი“ არასტაბილურია და „ატალანტას“ ძალიან სერიოზული საკადრო პრობლემებით ესტუმრა. ზინედინ ზიდანს 9 ფეხბურთელის იმედი არ ექნება და თითქმის ყველა მათგანი გუნდის მნიშვნელოვანი მექანიზმია. თანაც, „ატალანტა“ ნამდვილი კერკეტი კაკალია, რომლის გატეხვა ძალიან ძნელია. მიუხედავად ამისა, „სამეფო კლუბი“ კოლოსალურად მეტ გამოცდილებას ფლობს მეტოქესთან შედარებით და ეს ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

თანაც, მიუხედავად სერიოზული დანაკლისისა, ლა ლიგის ბოლო ტურებში „რეალმა“ მოუმატა, განსაკუთრებით დაცვაში თამაშს და ზიდანის გუნდი აშკარად ჩადგა კალაპოტში, რაც სეზონის სტარტზე მაინც უფრო ნაკლებად იგრძნობოდა. მეორეს მხრივ, „ატალანტა“ წნეხის გარეშე ითამაშებს, რადგან ცხადია, ესპანურ გრანდთან გამარჯვებას ამ გუნდს ვერავინ მოსთხოვს და ეს ვალდებულება ნამდვილად არ არის. გასპერინის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე შარშანაც წარმატებით ითამაშა და რატომაც არ ახლა? ერთი საინტერესო დეტალი: მერვედფინალში სამმა ესპანურმა („ატლეტიკო“, „სევილია“, „ბარსელონა“) და ორმა იტალიურმა („იუვენტუსი“, „ლაციო“) ითამაშა და ყველა მათგანი დამარცხდა. ამრიგად, ძალზე დიდი შანსია იმისა, რომ ეს ორი უდიდესი საფეხბურთო ქვეყანა მეოთხედფინალში მხოლოდ ერთი წარმომადგენლოთ იყოს და ის სწორედ ბერგამოელთა და მადრიდელთა დუელში გამოვლინდეს. ყოველშემთხვევაში სხვა კლუბების შედეგებს თუ გადავხედავთ, შედარებით კარგი შანსი „იუვეს“ აქვს, მაგრამ ანდრეა პირლოს გუნდი იმდენად უფერულია, „პორტუსთანაც“ კი გამოკვეთილ ფავორიტად ვერ ჩაითვლება. ამრიგად, „ატალანტასა“ და „რეალს“ თავიანთი ქვეყნის ღირსების დაცვაც მოუწევთ და ერთი რამ თვალნათელია - ძალზე საინტერესო თამაში იქნება.

ჯან პიერო გასპერინი („ატალანტას“ მთავარი მწვრთნელი): „კვალიფიკაციის საკითხი ორი მატჩის ჯამში გადაწყდება, მაგრამ აშკარაა, იდეალური შედეგი გამარჯვება იქნება. ჩვენ აქამდე არასდროს შევხვედრილვართ, შესაბამისად, მხოლოდ მოედანზე გავიგებთ, როგორია „რეალის“ წინააღმდეგ თამაში, როგორი ძალა აქვს ამ გუნდს. ეს არის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, რომელსაც ჩვენზე მეტი შემოსავალი და წოდება აქვს, მაგრამ ჩვენ ასეთ მატჩებში ყოველთვის ენთუზიაზმით ვთამაშობთ“.

ზინედინ ზიდანი („რეალის“ მთავარი მწვრთნელი): „გვინდა ისე ვითამაშოთ, როგორც ამას ლა ლიგაში ვაკეთებთ. გვინდა, რომ ასე გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ფინალში გასასვლელად. ამ დროისთვის ყველა თამაში ფინალია, მითუმეტეს პლეი-ოფის სტადიაზე. „ატალანტა“ არის გუნდი, რომელიც ძალიან კონკრეტულ რაღცებს აკეთებს, კარგად უტევს და ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„ატალანტა“ (3-4-2-1): გოლინი; ტოლოი, რომერო, ჯიმსიტი; მაეჰლი, დე რუნი,ფროილერი, გოსენსი; პესინა, მურიელი; ძაპატა

„რეალი“ (4-3-3): კურტუა; ვასკესი, ვარანი, ნაჩო, მენდი; კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი; ასენსიო, დიასი, ვინისიუსი

თუ „რეალი“ მაინც არ არის აშკარა ფავორიტი, „მანჩესტერ სიტი“ „გლადბახთან“ ნამდვილად არის. თან შეხვედრა არა გერმანიაში, არამედ ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება და „ბორუსიამ“ მასპინძლის მცირე უპირატესობაც დაკარგა. პეპ გვარდიოლას გუნდი იმდენად ბრწყინავს, რომ ძნელი სათქმელია „გლადბახის“ შანსი შეაფასო.

თავად განსაჯეთ: „მანჩესტერ სიტიმ“ ბოლოს 21 ნოემბერს წააგო, მას შემდეგ 25 თამაში ჩაატარა წაუგებლად და ბოლო 18 სულაც მოიგო! ეს ფანტასტიკური შედეგია და რაც მთავარია, „სიტი“ პრაქტიკულად გოლს არ უშვებს. გვარდიოლას გუნდები არასდროს გამოირჩეოდნენ გაუვალი დაცვით, მაგრამ ეს პეპის კარიერაში სიახლეა - ინგლისური გუნდის უკანა ხაზი ბეტონივითაა და „გლადბახისთვის“ მისი გარღვევა იოლი საქმე ნამდვილად არ უნდა იყოს.

გერმანელებისთვის სასიკეთოს არც სტატისტიკა ამბობს: ეს გუნდები ერთმანეთს ოთხჯერ შეხვედრიან, საიდანაც სამჯერ ინგლისელებმა იმარჯვეს, ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა.

მარკო როზე („გლადბახის“ მთავარი მწვრთნელი): „აღფრთოვანებული ვარ, რომ ჩემი ახალგაზრდა ფეხბურთელები ასეთ მატჩში ითამაშებენ. იმედი მაქვს, რომ ისინი დღეს დასაძინებლად დაწვებიან, გაიხსენებენ იმას, თუ რა რას გრძნობდნენ, როდესაც მადრდიში პლეი-ოფის საგზური მოვიოვეთ. თამამად უნდა ვითამაშოთ და თავი კარგად დავიცვათ. მე მყავს გუნდი, რომელსაც ამის უნარი აქვს“.

პეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი): „გლადბახი“ შეტევას მოკლე პასებით ძალიან კარგად იწყებს, სწრაფად გადადის შეტევაში და შემტევი ფეხბურთელებიც სწრაფად მოქმედებენ. მათ ჰყავთ მოთამაშეები, რომლებმაც ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ, განსხვავებულს არაფერს ველოდები. გერმანული გუნდები ყოველთვის სახიფათონი არიან“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„გლადბახი“ (3-2-4-1): ლაინერი; გინტერი, ელვედი, ბენსაბაინი; კრამერი, ნოიჰაუსი; ვოლფი, შტინდლი, ემბოლო, ჰოფმანი; პლეა

„მანჩესტერ სიტი“ (4-1-4-1): ედერსონი; უოლკერი, დიასი, სტოუნსი, კანსელო; როდრი; სტერლინგი, დე ბრუინი, გიუნდოგანი, ფოდენი; გაბრიელ ჟესუსი

0.160026