მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ლონდონის „ჩელსისთან“ (0:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ორივე გუნდისთვის ძალიან მძიმე თამაში იყო.
„ძალიან მძიმე და თანაბარი თამაში იყო ორივე გუნდისთვის, მაგრამ „ჩელსიმ“ შანსი გამოიყენა. საპასუხო შეხვედრაც რთული იქნება, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ იმისთვის, რომ გავიაროთ ის პერიოდი, რომელსაც ყველა გუნდი გადის.
სწრაფი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ, მაგრამ მათ ასევე ჰყავთ ჟირუ და სხვა ძლიერი ფეხბურთელები. ბურთის ფლობა უფრო მეტად უნდა გვქონდეს, რომ შეტევაში უკეთ თამაში შევძლოთ. ამაზე ვიმუშავებთ. წინ „ვილიარეალთან“ მნიშვნელოვანი თამაში გველოდება, ამიტომ მუშაობა და უფრო მეტი შრომა გვმართებს“, - თქვა სიმეონემ.
შეგახსენებთ, ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში სტუმრად 2014 წლის შემდეგ პირველად მოიგო, ხოლო მეორეს მხრივ „ატლეტიკომ“ პლეი-ოფის სტადიაზე დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით შინ პირველად წააგო. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ „ატლეტიკო“ მასპინძელი ფორმალურად იყო და თამაში რუმინეთში გაიმართა. მაგრამ, ნათელია, რომ სტატისტიკა „როხიბლნაკოს“ გაუფუჭდა და ეს შედეგი ისტორიას საშინაო წაგებად შემორჩება.