ფეხბურთი

11:26 | 23.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: ორი 1/8 ფინალი ფავორიტით და ფავორიტის გარეშე

ჩემპიონთა ლიგაზე ამ კვირაში დარჩენილი ოთხი მერვედფინალური მატჩი გაიმართება. ორი დღეს და ორიც ოთხშაბათს. ამჯერად, საქმეში მადრიდის „ატლეტიკო“ და ლონდონის „ჩელსი“ ჩაერთვებიან.

ეს არის წყვილი, რომელსაც ალბათ, ფავორიტი არ ჰყავს და ამ მხრივ, სხვა მერვედფინალებისგან ნამდვილად გამოირჩევა. მადრიდის „ატლეტიკომ“ ჯგუფში სუსტას იასპარეზა და მხოლოდ ბოლო ტურში გამარჯვების შედეგად მოიპოვა პლეი-ოფის საგზური, თანაც მხოლოდ 7 გატანილი გოლით, რაც მთელ პლეი-ოფის წევრებს შორის უარესი შედეგია. სამაგიეროდ, დიეგო სიმეონეს გუნდი მთელი სეზონია ლა ლიგას ლიდერობს. უბრალოდ, ბოლო ორ მატჩში „როხიბლანკომ“ მხოლოდ ქულა მოიპოვა, რაც ფორმიდან ცოტათი მაინც ამოვარდნაზე მიუთითებს. „ჩელსი“ პირიქით - ტომას ტუხელის მისვლამ ძალზე დადებითი ეფექტი მოიტანა და ლონდონური გუნდი აღარ არის ისეთი უსახური და უმოტივაციო, როგორც ფრენკ ლამპარდის დროს. ტუხელის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ“ 7 მატჩი ჩაატარა, 5 მოიგო, ორჯერ ფრე ითამაშა და არ დამარცხებულა.

„ჩელსი“ დანაკლისის გარეშეა, ხოლო მადრიდელებს შიმე ვრსალკო და იანიკ ფერეირა-კარასკო ვერ დაეხმარებიან. ეს გუნდები ერთმანეთს აქმდე 7-ჯერ შეხვედრიან. 2-ჯერ „ჩელსიმ“ მოიგო, ორჯერაც „ატლეტიკომ“ და სამჯერ ფრე დაფიქსირდა. პლეი-ოფის სტადიაზე აქამდე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ და 2013-2014 წლების სეზონის ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში ესპანელებმა 3:1 იმარჯვეს. თუმცა, ბოლოს ჯგუფურ ეტაპზე 2017-2018 წლების სეზონში „ჩელსი“ უკეთესი იყო, მადრიდში 2:1 მოიგო. სხვათა შორის, ეს იყო „ატლეტიკოს“ პირველი საშინაო მატჩი „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ჩემპიონთა ლიგაზე.

თუმცა, ამჯერად დიეგო სიმეონეს გუნდი „ჩელსის“ მეტროპოლიტანოზე“ ვერ დაუხვდება და მატჩი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება. მიზეზის გამოცნობა ალბათ, ძნელი არ იქნება - კორონავირუსით გამოწვეული რეგულაციები.

დიეგო სიმეონე („ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი): „ტომას ტუხელის მეთაურობით „ჩელსი“ შეიცვალა და კარგად თამაშობს. ეს ძლიერი გუნდია შესანიშნავი მოთამაშეებით და მათ დიდი ფინანსური ინვესტიცია განახორციელეს. მათ სამი ძალიან მაღალი დონის მეკარე ჰყავთ და ეს გუნდის პოტენციალს აჩვენებს. მათ თავდამსხმელებს კი ევროპის ნებისმიერ გუნდში თამაში შეუძლიათ“.

ტომას ტუხელი („ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი): „ეს დიდი გამოცდაა. „ატლეტიკოს“ ამ ეტაპზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, გამოცდილი მწვრთნელიც ჰყავს. იმედია, ჩვენს საუკეთესო თვისებებს ვაჩვენებთ. „ატლეტიკო“, მებრძოლი, გამოცდილი და დიდი მენტალიტეტის მქონე გუნდია“.

„ატლეტიკო“ – „ჩელსი“

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ჰერმოსო, სავიჩი, ფელიპე, ჰერმოსო, ლოდი; ლორენტე, კოკე, კონდოგბია, საული; ჟოაო ფელიქსი, სუარესი

„ჩელსი“ (3-4-3): მენდი; ასპილიკუეტა, ზუმა, რუდიგერი; ჯეიმსი, კანტე, კოვაჩიჩი, ალონსო; მაუნთი, ჟირუ, ვერნერი

პარალელურად კიდევ ერთი ძალზე საინტერესო მატჩია - „ლაციო“ „ბაიერნს“ მასპინძლობს. ცხადია, წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და მიუნხენურ გიგანტთან იტალიელთა შანსი თითქმის არ ფასობს. თუმცა, ეს ფეხბურთია და ბოლო დროს ჰანსი ფლიკის გუნდი მაინცდამაინც ვეღარ ბრწყინავს.

ყოველშემთხვევაში ეს ნამდვილად არ არის შარშანდელი მანქანა და მიმდინარე სეზონში „რეკორდმაისტეს“ ჩავარდნები დასჩემდა. ჰქონდა ასეთი პერიოდები, შემდეგ დაძლია და ახლა ისევ აქვს. ყოველშემთხვევაში ბუნდესლიგის ბოლო ორ ტურში კინკილა ქულა მოიპოვა და „ლაიფციგს“ 2 ქულამდე მიახლოვების საშუალება მისცა. თანაც, „ბაიერნს“ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა აკლია, მათ შორის, ტომას მიულერი, ბენჟამინ პავარი, სერჟ გნაბრი, კორენტინ ტოლისო და დუგლას კოშტა. მეორეს მხრივ, „ლაციო“ მშვენიერ ფორმაშია და ერთი კვირის წინ მილანის „ინტერთან“ წაგებას თუ არ ჩავთვლით, სიმონე ინძაგის გუნდი მართლაც შესაშურ შედეგებს აჩვენებს.

„ლაციო“ ჩემპიონთა ლიგას ამ სეზონში 2007 წლის შემდეგ პირველად დაუბრუნდა და იმდენი ქნა, რომ ჯგუფიდან გავიდა. სხვათა შორის, ჯგუფურ ეტაპზე მეორე გერმანულ გუნდს „დორტმუნდს“ აჯობა, რომელიც შინ 3:1დაამარცხა. კარგ ფორმაშია გუნდის საუკეთესო გოლეადორი ჩირო იმობილეც და წესით, „არწივებმა“ საკუთარ მოედანზე მაინც, უბრძოლველად არაფერი არ უნდა დათმონ. ეს გუნდები ერთმანეთს პირველად დღეს შეხვდებიან.

სიმონე ინძაგი („ლაციოს“ მთავარი მწვრთნელი): „ეს მატჩი იქნება ფანტასტიკურ გუნდთან 5 წლის წინ დაწყებული მუშაობის კულიმინაცია. საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მათ სისუსტეებზე კონცენტრირებაზე მეტად ყურადღება საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ. ჩვენ აქამდე ბევრი ფინალი ვითამაშეთ და ვიცით, როგორ უნდა მოვემზადოთ ამ თამაშისთვის“.

ჰანს-დიტერ ფლიკი („ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი): „ჩემპიონთა ლიგაზე გასამარჯვებად საუკეთესო ფორმაში ყოფნაა საჭირო. ეს განსაკუთრებული ტურნირია და ფეხბურთელებიც განსაკუთრებით უდგებიან, ამიტომ, მოტივირებულ გუნდს ველოდები. გვაქვს იდეა , რომლითაც თამაშს ვაპირებთ და ამის ჩვენება პირველივე წუთიდან უნდა დავიწყოთ“.

„ლაციო“ – „ბაიერნი“

„ლაციო“ (3-5-2): რეინა; პატრიკი, აჩერბი, მუსაკიო; ლაძარი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკას ლეივა, ლუის ალბერტო, მარუშიჩი; კორეა, იმობილე

„ბაიერნი“ (4-2-3-1): ნოიერი; ზულე, ბოატენგი, ალაბა, დევისი; კიმიხი, როკა; სანე, გორეცკა, კომანი, ლევანდოვსკი

0.295917