ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და შედეგად, საბოლოოდ გახდა 24-ვე ნაკრების ვინაობა ცნობილი, რომლებიც ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ. ოთხ მასპინძელს, რომელთა შორის, საქართველოცაა, კიდევ 20 ნაკრები დაემატა.
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კოვიდპანდემიის გამო გადადებული ტოკიოს ოლიმპიურმა თამაშებმა საკალათბურთო ევროფორუმის ერთი წლით გადადებაც გამოიწვია. 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე შემდეგი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას:
საქართველო, ჩეხეთი, გერმანია, იტალია (ოთხივე მასპინძელია), ხორვატია, ბოსნია, უკრაინა, სლოვენია, სერბეთი, ფინეთი, ბელგია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ისრაელი, ესპანეთი, რუსეთი, პოლონეთი, უნგრეთი, თურქეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლიეტუვა.
აღნიშნული 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც 4-4 საუკეთესო ჯგუფიდან გავა და პლეი-ოფის სისტემით მერვედფინალიდან გააგრძელებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ევრობასკეტი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს დედაქალაქი, თბილისი ერთ-ერთი ჯგუფის მატჩებს უმასპინძლებს. თბილისის გარდა, ტურნირის მასპინძლები არიან პრაღა (ჩეხეთი), მილანი (იტალია), ბერლინი და კიოლნი (ორივე გერმანია). ფინალური ეტაპის ჯგუფური ტურნირის წილისყრა 2022 წლის 30 მარტსაა დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა შესარჩევი ციკლის E ჯგუფში 4 გამარჯვებით და 2 მარცხით მეორე ადგილი დაიკავა და სპორტული პრინციპით მაინც კვალიფიცირდებოდა, მაგრამ მასპინძლის სტატუსით ევრობასკეტზე მონაწილეობა ავტომატურად ჰქონდა მოპოვებული და შესარჩევ ეტაპზე ფორმალურად მონაწილეობდა.