საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პირველი ინტერვიუ გამოაქვეყნა. 43 წლის ფრანგმა სპეციალისტმა მოლოდინზე, პოტენციალზე, მოახლოებულ შესარჩევ ციკლზე და ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
მათ შორის, იმ პაუზაზე, რომელიც სამწვრთნელო კარიერაში ჰქონდა აღებული. სანიოლის განცხადებით, საბაბი არ იქნება ის, რომ ეროვნულ გუნდს ყოველ სამ დღეში ერთხელ მოუწევს თამაში, რადგან ყველა გუნდი მსგავს პირობებში ითამაშებს.
სამწვრთნელო კარიერის თავისებურებები
„როდესაც სამწვრთნელო კარიერას ირჩევ, იცი, რომ რთულ გზას ადგები. მუდმივად გიწევს მოგზაურობა და სხვადასხვა ადგილზე საცხოვრებლად გადასვლა. თუმცა, სფფ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ყოფილი ფეხბურთელები არიან და ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობთ. ამ წინადადებას იმიტომ დავთანხმდი, რომ მათ მარტივად ამიხსნეს საკუთარი მოლოდინები და შესაძლებლობები. ფეხბურთი მარტივ თამაშად რჩება. იმ გარემომ, რომელიც ჩვენი მოლაპარაკებების დროს შეიქმნა, დამარწმუნა ამ ნაბიჯის გადადგმაში. ვიცი, რომ აქ საქმე მელოდება და მიზანს უნდა მივაღწიო".
პაუზა სამწვრთნელო კარიერაში და ახალი გამოწვევა
„ბაიერნში“ მუშაობის შემდეგ კარიერაში ორწლიანი პაუზა ავიღე. დეტალებს ახლა არ გავაჟღერებ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ოჯახური მიზეზების გამო მივიღე, რომელიც ჯანმრთელობას უკავშირდება. მამისთვის მთავარი პრიორიტეტი შვილებია. ეს ორი წელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა სიტუაცია გამოსწორდა და სრულად შემიძლია ყურადღება ახალ პროექტს დავუთმო. მთავარი მწვრთნელის რანაგში შეუძლებელია ყურადღება მხოლოდ 80 ან 70%-ით დაუთმო საკუთარ საქმეს. აუცილებელია შენს გუნდს სრულად დაუთმო ყურადღება და ენერგია. ახლა ფოკუსირებული ვარ საქართველოში ჩემს მისიაზე და იმედი მაქვს, ყველა ერთად მივაღწევთ წარმატებას. კომფორტულად ვგრძნობ თავს ისეთ გარემოში, სადაც უშუალო და გრძელვადიან გეგმებზე მიწევს მუშაობა. აქ უნდა დავიწყოთ შენების პროცესი და გამართულად უნდა განვახორციელოთ. მე ეს უკვე გაკეთებული მაქვს საფრანგეთის ნაკრებში ტექნიკური დირექტორის როლში, რამდენიმე წლის შემდეგ ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონები გავხდით. მე ძალიან ვამაყობ ამ მიღწევებით და მიმაჩნია, რომ მაშინ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელებმა წარმატებას მიაღწიეს, კარგ კლუბებში მოხვდნენ და ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატის მოიგეს. აქ სიტუაცია განსხვავებულია, თუმცა, იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც საამაყო შედეგი მექნება და წარმატებებს მივაღწევ ფეხბურთელებთან და ფედერაციასთან ერთად. ახლა ეს არის ჩვენი მიზანი".
ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი - კარიერა ბუნდესლიგაში
"მე კარგად მახსოვს ლევან კობიაშვილი. ის მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მე მარჯვნივ და ჩვენი გზები ყოველთვის იკვეთებოდა. ის ერთდროულად, ხისტი და სამართლიანი მოთამაშე იყო, იგივე შემიძლია ვთქვა, ალექსანდრე იაშვილზეც. კარგია, როდესაც 10, 12, 15 წლის შემდეგ ერთმანეთს კვლავ ვხვდებით. ახლა უკვე თანამშრომლობის ფარლგებში. ჩვენ ერთ სამყაროს ვეკუთვნით და ერთ ენაზე ვსაუბრობთ - ვგულისხმობ საფეხბურთო ენას და არა გერმანულ ენას".
ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები
"თქვენ ბევრი საინტერესო ახალგაზრდა მოთამაშე გყავთ, სამწუხაროდ, პანდემიის შედეგად ყველაფერი შეიცვალა, ფეხბურთელები ყოველთვის ვერ ახერხებენ ჩამოსვლას. მოგზაურობა, ვარჯიში, თამაში გართულდა. ბოლო ერთი წელი რთული იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. როდესაც 17-18 წლის ხარ და კარიერას იწყებ, ოცნებობ სავსე სტადიონზე, ბევრ გულშემატკივარზე, ახლა კი ყველაფერი სხვანაირადაა. თუმცა ეს გამოცდილება ახალგაზრდებს გააძლიერებს. ყოველთვის მიხარია ახალგაზრდებთან მუშაობა, რომელთაც სურთ წარმატებას მიაღწიონ და საკუთარი შესაძლებლობები აჩვენონ როგორც მწვრთნელს, ისე მთელ ქვეყანას. მე ველი მათთან მუშაობას".
დისციპლინის მნიშვნელობა
"დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე ვერაფერს შეცვლი. ფეხბურთელებს ნაკრებში თამაში უნდა ეამაყებოდეთ და მათ პატივი უნდა სცენ საქართველოს ნაკრების მაისურს. თუ ყველას ერთი მიზანი გვექნება, ვფიქრობ, რომ შევძლებთ წარმატების მიღწევას. არსებობს პოტენციალი და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აქ ჩამოვედი. თუმცა, ჩვენ ეს პოტენციალი უნდა გავზარდოთ. ფეხბურთში ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული, 99%-ით დახარვჯა არ არის საკმარისი, 100%-ს კი როგორც წესი კარგი შედეგი მოაქვს".
ცოტა დრო დებიუტამდე და ახალი კულტურა
"პირველ თამაშამდე დრო ჯერ კიდევ არის. აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ შევხვდე ხალხს და ჩვენი 10-დღიანი შეკრება დავგეგმო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხი გავიცნო, შევიგრძნო აქაური გარემო და კულტურა, გავიცნო ჩემი პერსონალი. ნაკრებში ყოველდღიურად არ გვიწევს ერთად მუშაობა და ეს 10-დღიანი პერიოდები ინტენსიურად ჩაივლის, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ყველაფერი წინასწარ უნდა დავგეგმოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთოთ იმ პერიოდზე, როდესაც მოთამაშეები აქ ჩამოვლენ. ყველაფრის ორგანიზება წინასწარ არის საჭირო".
მჭიდრო კალენდარი
"ექვს დღეში 3 თამაშის ჩატარება ყველა გუნდს მოუწევს, ეს არ იქნება გამართლება. ვფიქრობ, რომ უფრო გაფართოებული შემადგენლობა უნდა გვყავდეს იმ პირობებში, როდესაც ყოველ სამ დღეში თამაშობ. ამ ყველაფერს ემატება პანდემია, მასთან დაკავშირებული რისკები. ჩვენ გვჭირდება მოტივირებული ფეხბურთელები, რომლებიც სრულად იქნებიან ამ საქმეში ჩართულნი".
რთული ქვეჯგუფი შესარჩევ ციკლში
"რა თქმა უნდა, ესპანეთი უკვე დიდი ხანია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. შვედეთი ყოველთვის მონაწილეობს დიდ ტურნირებში, ბევრი გამოცდილი მოთამაშე ჰყავთ. საბერძნეთი ევროპის ჩემპიონია, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი ხნის წინ მოხდა. კოსოვოს კი ბევრი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს. ეს ძალიან რთული ჯგუფია, თუმცა ეს 6-დღიანი ფანჯრები გარკვეულ ბალანსს შემოიტანს ჯგუფში. ასეთ პირობებში დიდ გუნდებსაც პრობლემები შეექმნებათ შედარებით პატარა გუნდების წინააღდმდეგ. 15-20 წლის წინ უფრო ძლიერი გუნდი, როგორც წესი თამაშს იგებდა, არსებულ პირობებში კი ყველაფერი სხვაინაირადაა. მთავარი მოლოდინი ის უნდა იყოს, რომ გუნდმა თამაშიდან თამაშამდე მოუმატოს, რაც სწორ მიმართულებას მოგვცემს. წნეხის გარეშე უნდა ვითამაშოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ და რისკზე წავიდეთ. თანამედროვე ფეხბურთში რისკის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ამიტომ, არის მნიშვნელოვანი რისკი და მისი ანალიზი".
მოლოდინი
"მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მირჩევნია მოედანზე საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მოხარული ვარ და მეამაყება აქ ყოფნა. მადლობას ვუხდი ფედერაციის ხელმძღვანელობას და იმედი მაქვს, რომ მათ ნდობას გავამართლებ და ამას საქმით დავამტკიცებ“, - თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, ვილი სანიოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად 7 დღის წინ დაინიშნა და მან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა (ორი წლით განახლების შესაძლებლობით). მისი დებიუტი საქართველოს ნაკრებში 25 მარტს, შვედეთთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შედგება. გარდა ამისა, 28 მარტს, თბილისში, ესპანეთის ნაკრები ჩამოვა, ხოლო 31 მარტს, საქართელო სალონიკში, საბერძნეთს დაუპირისპირდება.