კალათბურთი

20:59 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი ფინეთთან მარცხით დაასრულა

ევრობასკეტ 2022 წლის შესარჩევი ეტაპი დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა „ბაბლის“ სისტემით თბილისში ჩატარებული ორივე მატჩი წააგო და ქვეჯგუფში 4 მოგებით და 2 წაგებით სერბეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება, როგორც მასპინძელს ჯერ კიდევ შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ჰქოდა მოპოვებული და ამდენად, ეს ციკლი უფრო მოსამზადებელი ეტაპი იყო. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ილიას ზუროსის გუნდმა შედეგების მიხედვითაც მოიპოვა საგზური, თუმცა ცხადია, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

გულდასაწყვეტი მხოლოდ ის არის, რომ ზედიზედ 4 გამარჯვების შემდეგ ორი მარცხი განვიცადეთ. თუმცაღა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორ შეხვედრაში გუნდს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფიგურა აკლდა და შესუსტებული შემადგენლობით ითამაშა.

ბოლო ტურის მატჩი კი ფინეთის ნაკრებთან შედგა, რომელმაც საქართველოსა და სერბეთის დარად ასევე მოიპოვა ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. ფინელებმა პირველი და მეორე პერიოდი ფანტასტიკურად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. თითქოს მატჩის ბედიც გადაწყყვეტილი იყო.

თუმცა, მეორე ტაიმი საქართველომ დიდებულად დაიწყო და მთლიანად მესამე პერიოდი, რომელიც 27:8(!) მოიგო და შესაბამისად ანგარიში გათანაბრდა! 19-ქულიანი ჩამორჩენა ზუროსის შეგირდებმა 10 წუთი გააბათილეს და თამაში პრაქტიკულად თავიდან დაიწყო. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს აღმაფრენა ჩვენს კალათბურთელებს აღარ გადაჰყვათ და ფინეთმა გადამწყვეტ, გარდამტეხ მომენტში მობილიზება მაინც მოახერხა.

საბოლოოდ, ჰენრიკ დეტმანის გუნდმა 78:70 იმარჯვა. E ჯგუფში სერბეთი გავიდა პირველ ადგილზე, მეორეზე საქართველო, მესამეზე ფინეთი (სამივემ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე), ხოლო ბოლო პოზიცია შვეიცარიას ერგო, რომელიც ევრობასკეტის მიღმა დარჩა.

საქართველოს ნაკრებს ფინეთთან გიორგი შერმადინმა ულიდერა, რომელმაც 34 წუთში 19 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28 აღმოჩნდა. დუდა სანაძე თანაგუნდელებს 18 ქულით შეეწია, ხოლო ბექა ბურჯანაძე 11 ქულით. მიხეილ ბერიშვილმა 9 ქულა დააგროვა, დანარჩენი კალათბურთელები 10-ქულიან ზღვართან ახლოს არ ყოფილან. ფინეთის ნაკრებმა უფრო გუნდური კალათბურთი ითამაშა - 14-14 ქულა დააგროვეს ელიას ვალტონენმა და ერიკ მერფიმ, ხოლო ედონ მაქსუნიმ 11 ქულა ჩააგდო.

საქართველო - ფინეთი 70:78 (17:30, 13:19, 27:8, 13:21)

სტატისტიკა იხილეთ აქ...

0.1799