ფეხბურთი

1:57 | 21.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ანტირეკორდებს აგროვებს - კიდევ ერთი, 98 წლის შემდეგ

“ლივერპული“ მართლაც საშინელ დღეშია. მათ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგეს შინ, რაც ინგლისის ჩემპიონატში მათ 1923 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ მოსვლიათ. თანაც ბოლო 11 თამაშში მხოლოდ ორჯერ გაიმარჯვეს.

გასულ სეზონში ამავე ეტაპზე „ლივერპული“ 40 ქულით უსწრებდა „ევერტონს,“ ახლა კი თანაბარი ქულები აქვთ და „ევერტონს“ თამაშით ნაკლები აქვს,

და კიდევ, „ევერტონს“ „ენფილდზე“ 1999 წლის შემდეგ აღარ მოეგო.

238-ე მერსისაიდური დერბის ორი საუკეთესო ფეხბურთელი რიშარლისონი და მეკარე ჯორდან პიკფორდი იყვნენ. ბრაზილიელმა უკვე მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში და შემდეგაც მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა მასპინძელი მცველები. პიკფორდმა კი რვა (!) მოგერიება შეასრულა, რომელთაგან რამდენიმე მართალც საუცხოო გახლდათ.

„ლივერპულს“ ბევრი ვერაფერი გამოუვიდა შეტევაში, მაგრამ როცა ყოჩაღობდნენ, წინ შეუვალი პიკფორდი ეღობებოდათ. ბედის ირონიით, პიკფორდი ამ გუნდების პირველი წრის, ოქტომბრის შეხვედრაშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო, ოღონდ უარყოფით ასპექტში. მაშინ ის ვირჯილ ვან დეიკს უხეშად შეეჯახა და ისე დააშავა, რომ ნიდერლანდელი სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს. მის გარეშე კი ჯერ გაიბზარა, მერე კი დაიშალა გუნდი.

მეორე გოლი შეცვლაზე შესულმა ისლანდიელმა გილფი სიგურდსონმა გაიტანა თერთმეტმეტრიანით, რომელიც დომინიკ კალვერტ-ლიუინის წაქცევისათვის დაინიშნა.

ყველაფერთან ერთად „წითლებმა“ კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი დაკარგეს. კიდევ ეს უნდოდათ, ლამის ნახევარი გუნდი ლაზარეთში ჰყავთ. ჰენდერსონი 30-ე წუთზე ნათანიელ ფილიპსმა შეცვალა.

კლოპს, ცხადია, დანა პირს არ უსხსიდა: „ძნელია ასეთი შედეგის მიღება. პირველ ტაიმში ერთი შეცდომა დავუშვით და მათ ის გამოიყენეს. თავიდანვე მდევრის როლში აღმოვჩნდით. კი ვუტევდით, მაგრამ რეალიზაცია არ გვივარგოდა. თუ მოგებები გვინდა, ასე ღარ უნდა ვითამაშოთ.

შეგვეძლო თუ არა უკეთ გავრჯილიყავით? ალბათ. ყველა შემთხვევაში, ბრძოლას ვაგრძელებთ.“ - უთხრა გერმანელმა სპეციალისტმა BBC-ს.

„ლივერპულის“ ქომაგებმა გაიხუმრეს კიდეც: დღეს საუკეთესო ლივერპულელი ტაკუმი მინამინო იყოო, სწორედ ექს-ლივერპულელმა გახსნა ანგარიში „საუთჰემპტონ“ – „ჩელსის“ შეხვედრაში, რომელიც 1:1 დამთავრდა. ასე გასრულდა „წმინდანების“ ზედიზედ ექვსწაგებიანი სერია, რომელთაგან ერთი „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ 0:9 იყო.

ტომას ტუხელის ხელმძღვანელობით კი „არისტოკრატები“ წარმატებულ სერიას აგრძელებენ. ექვს მატჩში ოთხი მოგება და ორი ფრე.

ამჯერად მათ მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრეს ანგარიში, როცა მეისონ მაუნტმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად დაარტყა. ბოლოსკენ მასპინძლები აშკარად წელავდნენ დროს, თუმცა მოგებაც შეეძლოთ, როცა იანიკ ვესტერგორის თავური დარტყმის შემდეგ, ბურთი ხარიხას მოხვდა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 25-ე ტური. 20 თებერვალი

საუთჰემპტონი - ჩელსი 1:1

საუთჰემპტონი. „სენტ მერისი“

1:0 მინამინო (33), 1:1 მაუნტი (54 პენ)

საუთჰემპტონი: მაკარტი, ბერტრანი, ვესტერგორი, სალისუ, ბედნარეკი, რომეუ, უორდ-პროუსი, ჯენელო, მინამინო (ტელა 76), ინგზი (ადამსი 85), რედმონდი (ნლუნდლუ 90+4)

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

ჩელსი: მენდი, რიუდუგერი, ზუმა, ასპილიკუეტა, ალონსო, კანტე, კოვაჩიჩი (ჟორჟინიო 76), ჯეიმსი, აბრაჰამი (ჰადსონ-ოდოი 45, ზიეში 76), ვერნერი, მაუნტი

მწვტრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: ენტონი ტეილორი

გაფრთხილება: მაკარტი (90+1); ალონსო (80)

ლივერპული - ევერტონი 0:2

ლივერპული. „ენფილდი“

0:1 რიშარლისონი (3), 0:2 სიგურდსონი (83 პენ)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ჰენდერსონი (ფილიპსი 30), ქაბაქი, რობერტსონი, ვეინალდუმი, ალკანტარა (ორიგი 88), ჯონსი (შაჩირი 63), ფირმინო, მანე, სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ევერტონი: პიკფორდი, ჰოლგეიტი, კინი, გოდფრი, კოულმენი, დინი, დუკურე, ხამეს როდრიგესი (კალვერტ-ლიუინი 62), გომეში (სიგურდსონი 59), დევისი, რიშარლისონი (აივობი 86)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: კრის კავანა

გაფრთხილება: ქაბაქი (45+1), მანე (67); გომეში (41)

ბარნლი - ვესტ ბრომვიჩი 0:0

ფულემი - შეფილდი 1:0

1:0 ლუქმენი (61)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15774