საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ამერიკელი ახალწვეული კონერ ფრენკამპი 2-3 კვირა ვერ ითამაშებს და შესაბამისად, ფინეთთან ხვალ გასამართ შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმარება. 25 წლის მოთამაშემ ტრავმა სერბეთთან მატჩის მეორე ტაიმში მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.
ფრენკამპის ტრავმის შესახებ საქართველოს ნაკრების ექიმმა, თემურ ხვედელიძემ დეტალურად ისაუბრა:
„საქართველოს ნაკრების ამერიკელმა ლეგიონერმა კონერ ფრენკამპმა სერბეთთან მატჩის მესამე პერიოდის დასაწყისში მიიღო მარჯვენა მუხლის სახსრის დაზიანება. თამაშის შემდეგ იგი სათანადოდ გამოვიკვლიეთ. ჩაუტარდა მაგნოტო-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია, რის შედეგადაც შეირჩა მკურნალობის მეთოდიკა – განტვირთვა რამდენიმე დღე. დავუნიშნეთ მუხლის მკურნალობითი თერაპია. 10 დღის შემდეგ მისი მდგომარეობა ასევე კვლევით გადამოწმდება და განისაზღვრება კონკრეტული დრო, რამდენ ხანში შეძლებს მოედანზე დაბრუნებას. თუმცა დაახლოებითი მონახაზი ორი-სამი კვირაა“, - თქვა ხვედელიძემ.
შეგახსენებთ, სერბეთთან მატჩში ფრენკამპმა 19 წუთში 10 ქულის, 4 მოხსნისა და 2 პასის დაგროვება მოახერხა.