იაპონელმა ნაომი ოსაკამ ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში 6-4 6-3 მოუგო ამერიკელ ჯენიფერ ბრეიდის და ტურნირის ჩემპიონი მეორედ გახდა. ეს ოსაკას მიერ დიდი სლემის ტურნირებზე მოპოვებული მეოთხე ტიტულია, რომელთაგან ორი აშშ-ის ღია პირველობაზე მოიგო, ორიც - ავსტრალიაში.
ოსაკამ საკმაოდ იოლ გამარჯვებას მიაღწია. თუმცა პირველ სეტში მეტოქემ მეტნაკლები წინააღმდეგობა გაუწია. საბოლოოდ, იაპონელმა გამარჯვებისთვის საათი და 17 წუთი იმყოფინა. აღსანიშნავია, რომ ოსაკას ოთხივე ტიტული მყარსაფარიან კორტზე აქვს მოპოვებული.
განსაკუთრებით დაძაბული გამოდგა პირველი სეტის მეცხრე გეიმი. ანგარიში 4-4 იყო და 22-ე ნომრად განთესილმა ამერიკელმა, რამდენიმე შესანიშნავი ფორჰენდი (წაღმა დარტყმა) შეასრულა, რომლებითაც მაყურებლის ოვაცია დაიმსახურა. მაგრამ ამით მესამე ნომრად განთესილი ოსაკას გატეხვა ვერ შეძლო.
მეორე სეტში ოსაკამ პირველი ოთხი გეიმის მოგებით, გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია. ბრეიდიმ, ვისთვისაც ეს დიდი სლემის ტურნირებზე პირველი ფინალია, ერთი ბრეიკი ხურდად დაუბრუნა, მაგრამ ეს თამაშის შემობრუნებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 23 წლის ოსაკა გადამწყვეტ მომენტებში ახერხებდა ქულების აღებას და ამან საბოლოოდ, გამარჯვებამდე მიიყვანა. ოსაკამ ბოლო გეიმი, საკუთარ მოწოდებაზე მშრალად მოიგო.