ჩოგბურთი

23:46 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფინალამდე - ჯოკოვიჩის სტატისტიკა ავსტრალიის ღია პირველობაზე

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ იგი ავსტრალიის ღია პირველობაზეა "შეყვარებული" და მისთვის ყველაზე წარმატებული დიდი სლემის ტურნირია. მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი მეცხრედ შეეცდება აღნიშნული ტურნირის მოგებას და ამისთვის საჭიროა ფინალში რუსი მოწინააღმდეგე, დანილ მედვედევი დაამარცხოს.

ჯოკოვიჩმა ტურნირის დაწყებამდე ასევე აღნიშნა, რომ წლიდან წლამდე ავსტრალიაში თავს კომფორტულად გრძნობს და ბევრმა მოგებულმა თამაშმა უფრო მეტი თავდაჯერება შესძინა. ATP-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა ჯოკოვიჩის ავსტრალიის ღია პირველობაზე დაფიქსირებულ შედეგებს გადახედა და ექვსი მათგანი გამოარჩია.

ჯოკოვიჩმა დიდი სლემის ტურნირების ფინალური 13 მატჩიდან 11-ში პირველი სეტი მოიგო, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობის რვა ფინალიდან, სამში პირველი სეტი დათმო, თუმცა ამან სერბზე გავლენა ვერ მოახდინა და ჯერჯერობით გადამწყვეტ მატჩებს ამ ტურნირზე იგებს.

მელბურნში მოგებული მატჩების პროცენტული მაჩვენებლით ნოვაკი მხოლოდ რაფაელ ნადალს ჩამორჩება. ესპანელის კომფორტული დიდი სლემის ტურნირი როლან გაროსია და პარიზში 102 მატჩიდან რაფამ მხოლოდ ორი წააგო, ანუ მატჩები 98 პროცენტი მოიგო. ნოვაკი კი ავსტრალიაში ასპარეზობს დამაჯერებლად, 89-დან 81 მატჩი აქვს მოგებული და 91 პროცენტიანი მაჩვენებლით პიტ სამპრასს და როჯერ ფედერერს უსწრებს. ამერიკელს და შვეიცარიელს უიმბლდონზე მოგებული მატჩების პროცენტული მაჩვენებელი, შესაბამისად 90% (63-7) და 88.6% (101-13) აქვთ.

ავსტრალიის ღია პირველობის რვა ფინალიდან ჯოკოვიჩმა ყველა მოიგო. სერბის დამარცხებასთან ყველაზე ახლოა 2012 წელს რაფაელ ნადალი იყო - ნოვაკის და რაფას დაპირისპირებაში ხუთი სეტი გათამაშდა და მატჩი 5 საათსა და 53 წუთს მიმდინარეობდა, რომელიც ტურნირის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ შეხვედრად დაფიქსირდა.

ჯოკოვიჩი ფინალებში მეტოქეების მოწოდებაზე საკმაოდ ეფექტურად ასპარეზობდა. რვა მატჩში მეტოქეები სერბმა 45-ჯერ დააბრეიკა, ხოლო თითოელ მატჩში ნოვაკს ყველაზე ცოტა სამი ბრეიკი აქვს შესრულებული. რვა ფინალში ჯოკოვიჩმა 31 სეტი ითამაშა და საშუალოდ თითოეულში ერთზე მეტი ბრეიკი აქვს შესრულებული.

მიმდინარე წელს ავსტრალიაში ნოვაკმა ჩაწოდების ტექნიკა გააუმჯობესა და ახლა უკვე ეისებშიც ლიდერობს. ტურნირის დაწყებამდე ერთ მატჩში ნოვაკის რეკორდი 23 ეისი იყო, თუმცა მან ფრენსის ტიაფოსთან მეორე რაუნდში 26 "აუღებელი ჩაწოდება" შეასრულა. ასევე ალექსანდრ ზვერევთან ჯოკოვიჩმა 23 ეისი მიითვალა. ჯამში ექვს მატჩში სერბმა 100 ეისი შეასრულა.

ჯოკოვიჩმა ტოპ 10-ში მყოფი ჩოგბურთელები მელბურნში 22-ჯერ დაამარცხა. ამ ტურნირზე სერბმა ელიტარულ (ტოპ 10) ჩოგბურთელებთან ჩატარებული მატჩების 81.5 პროცენტი მოიგო, ხოლო ყველა ჩოგბურთელთან კარიერაში ჩატარებული მატჩების 83.1 პროცენტი აქვს მოგებული. ავსტრალიის ღია პირველობაზე 22 გამარჯვება ერთად დანილ მედვედევს და სტეფანოს ციციპასს აქვთ მოპოვებული. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სერბს ფინალში სერიოზული მეტოქე ელოდება - მედვედევმა ზედიზედ 20 მატჩი მოიგო და 11 გამარჯვება ტოპ 10-ის ჩოგბურთელებთან დააფიქსირა.

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი 21 თებერვალს თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება. ჯოკოვიჩის რეიტინგს საფრთხე არ ემუქრება და იგი კვლავ პირველ ადგილზე იქნება წაგების შემთხვევაშიც. ნოვაკი მე-18 დიდი სლემის ტურნირს უმიზნებს, ხოლო მედვედევი კარიერაში მეორედ შეეცდება ფინალში გაიმარჯვოს.

0.116326