კალათბურთი

23:30 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი: "ჩემი კალათბურთელები მიყვარს, მაგრამ დღეს არ გვიბრძოლია"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ციკლში სერბეთის ნაკრებთან დიდი ანგარიშით 66:92 წააგო და ზედიზედ 4 მოგების შემდეგ პირველად წააგო. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართა და რასაკვირველია, თამაშით კმაყოფილი არ დარჩენილა:

„სერბეთის ნაკრებმა უკეთ ითამაშა და დამსახურებულად იმარჯვა. უსინი უფრო კონცენტრირებულნი და აგრესიულები იყვნენ, ჭკვიანურად ითამაშეს. თამაშამდე ვთვით, რომ იმის მიუხედავად, ევრობასკეტზე თამაშის უფლება მოპოვებული გვქონდა, უნდა გვებრძოლა, მაგრამ დღეს არ გვიბრძოლა. ეს არ მომეწონა. ჩემი კალათბურთელები მიყვარს და მათი მჯერა, მაგრამ არ გვიბრძოლა. მეტოქემ ყველა კომპონენტში ჩვენზე უკეთ ითამაშა. თუმცა, ეს უკვე დასრულებული თამაშია და ფინეთთან მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ. იმედი მაქვს, რომ უკეთ ვითამაშებთ. ვიმედოვნებ, კონერ ფრენკამპი ჯანმრთელად იქნება და ფინეთთან ითამაშებს. აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან ჩვენი ნაკრების კალათბურთელები ლომივით იბრძვიან და დღეს არ გვიბრძოლია, ქართველ გულშემატკივარს ამის გამო ბოდიშს ვუხდი.

სერბეთმა მეოთხე პერიოდში 27 ქულა ჩააგდო, 11 სამქულიანი ჩაგვიგდეს და ეს ნიშნავს, რომ დაცვაში საერთოდ არ გვითამაშია. სამწუხაროდ ბევრი კალათბურთელი გვაკლდა და მოსამზადებლად მხოლოდ 3 დღე გვქონდა. ჩვენს კალათბურთელებს დიდი გამოცდილება არ აქვთ, მაგალითად, სერბეთის ნაკრებში თამაშობდნენ კალათბურთელები, რომლებიც უკეთეს ლიგებში, ჩემპიონატებსა და ევროტურნირებზე თამაშობენ, ამიტომაც, უფრო გამოცდილებიც არიან. კალათბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ცუდი დღე გვქონდა, მაგრამ კარგია, რომ შედეგობრივად ეს თამაში ჩვენთვის არაფერს წყვეტდა, მაგრამ ვალდებულნი ვართ ყველა თამაშში ვიბრძოლოთ და ჩვენი ღირსეული სახე ვაჩვენოთ“, - განაცხადა ზუროსმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში პირველი მარცხი განიცადა და 4 გამარჯვების წილ 1 წაგება აქვს, ხოლო ბოლო ტურში 21 თებერვალს, ფინეთის ნაკრებს ისევ თბილისში დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს, როგორც ერთ-ერთ მასპინძელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ავტომატურად მოპოვებული აქვს.

0.113678