კალათბურთი

23:06 | 19.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინი: "სათქმელი არაფერია, უბრალოდ საშინლად ვითამაშეთ"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ის შესარჩევ ციკლში სერბეთის ნაკრებთან დიდი ანგარიშით 66:92 წააგო და ზედიზედ 4 მოგების შემდეგ პირველად წააგო.

ნამატჩევს საქართველოს ნაკრების ლიდერმა გიორგი შერმადინმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სათქმელი არაფერია, უბრალოდ საშინლად ითამაშეს. ქართველი ცენტრი ჩვენი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და ორმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა - 20 ქულა, 8 მოხსნა.

„პირველ რიგში სერბეთის ნაკრებს ვულოცავ გამარჯვებას, შესანიშნავად ითამაშეს და დაიმსახურეს. ჩვენ ძალიან ცუდი დაცვა ვითამაშეთ. ყველამ იცის, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოპოვებული გვაქვს, მაგრამ გვინდა ჯგუფში პირველი ადგილი მაინც დავიკავოთ და ფინეთთან იმედი მაქვს, რომ გამარჯვებას მოვახერხეთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი გულშემატკივარი გვიყურებდა და ყველას სჯეროდა ჩვენი გამარჯვების, მაგრამ მათი მოლოდინი ვერ გავამართლელთ. ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ასეთი საშინელი თამაშის შემდეგ სათქმელი არაფერი მაქვს. ვიმედოვნებ, რომ მომდევნო შეხვედრაში გამოვასწორეთ“, - თქვა შერმადინმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში პირველი მარცხი განიცადა და 4 გამარჯვების წილ 1 წაგება აქვს, ხოლო ბოლო ტურში 21 თებერვალს, ფინეთის ნაკრებს ისევ თბილისში დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს, როგორც ერთ-ერთ მასპინძელს, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ავტომატურად მოპოვებული აქვს.

0.117892