ჩოგბურთი

21:57 | 18.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღიას ფინალში ოსაკა და ბრეიდი შეხვდებიან

ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, იაპონელი ნაომი ოსაკა და ამერიკელი ჯენიფერ ბრეიდი შეხვდებიან. ოსაკამ ნახევარფინალში სერენა უილიამსი 6-3 6-4 დაამარცხა, ბრეიდიმ კი 6-4 3-6 6-4 მოუგო ჩეხ კაროლინა მუკოვას.

სერენას შანსი ჰქონდა, ოსაკასთან აშშ-ის 2018 წლის ღია პირველობის ფინალში წაგებისთვის, რევანში აეღო. მაგრამ საბოლოოდ, კორტი აცრემლებულმა დატოვა. ოსაკას მელბურნის ტურნირი 2019 წელს აქვს მოგებული. გარდა ამისა, ის აშშ-ის ღიას ორგზის ჩემპიონიცაა.

„ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია მის წინააღმდეგ თამაში. ძალიან მინდოდა, თავდაუზოგავად მეთამაშა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა მის თამაშს ვუყურებდი, მის წინააღმდეგ კორტზე ყოფნა კი ნამდვილი ოცნება იყო“, - განაცხადა ოსაკამ, ვინც ლეგენდარული მეტოქის დასამარცხებლად 75 წუთი იმყოფინა.

ოსაკას და ბრეიდის ფინალი, აშშ-ის შარშანდელი ღიას ფინალის გამეორება იქნება, სადაც იაპონელმა მეტოქეს სამ სეტში მოუგო.

„ბევრი შესაძლებლობა მქონდა. ეს იყო უბრალოდ... მეტისმეტად ბევრი შეცდომა დავუშვი, ზოგი მარტივ სიტუაციაში. არ ვიცი რატომ, ისეთი იოლი მომენტები ჩანდა, მაგრამ შეცდომებს ვუშვებდი“, - განაცხადა 39 წლის სერენამ, ვინც შვილის, ალექსის ოლიმპიას გაჩენის შემდეგ, სპორტს 2018 წელს დაუბრუნდა.

უილიამსმა დიდი სლემის ტურნირი ბოლოს 2017 წელს მოიგო, სწორედ ავსტრალიაში. ეს მისი დიდი სლემის 23-ე ტიტული იყო. ლეგენდარული ავსტრალიელის მარგარეტ კორტის რეკორდამდე მას ერთი ტიტულიღა აკლია. 2018 წელს დაბრუნების შემდეგ, სერენამ დიდი სლემის ოთხ ფინალს მიაღწია, მაგრამ მოგებას ვეღარ ახერხებს.

შეხვედრის დასაწყისში, სერენა 2-0 დაწინაურდა, მაგრამ მესამე ნომრად განთესილმა ოსაკამ ამის შემდეგ ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და სეტს წერტილი შესანიშნავად შესრულებული წაღმა დარტყმით დაუსვა.

მეორე სეტში უილიამსის თამაში უფრო ემოციური გახდა - გათამშებებს შორის ის შეძახილებით ამხნევებდა საკუთარ თავს, მაგრამ ცივსისხლიანი ოსაკა ამას ყურადღებას არ აქცევდა და პირველივე გეიმში შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება.

იაპონელი მერვე გეიმში კალაპოტიდან ამოვარდა - სამჯერ ორმაგი შეცდომა დაუშვა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა - 4-4.

თუმცა უილიამსმა მომდევნო გეიმშივე დაუბრუნა ხურდა - ორმაგი შეცდომით მეტოქეს სამი ბრეიკ პოინტი აჩუქა. ოსაკამ პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა და როგორც მალე გაირკვა, ამ ბრეიკით, შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. ბოლო გეიმი თავის მოწოდებაზე მშრალად მოიგო და ფინალის საგზურსაც დაეუფლა.

0.158634