ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენთან“ განადგურების შემდეგ (1:4), „ბარსელონას“ ქომგები გუნდის ახლანდელ მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს შემოსწყრნენ. საქმე მხოლოდ წაგებაში არ არის. ისინი ამბობენ, რომ ნიდერლანდელმა ვერ მიიტანა ახალი იდეები, რომელიც კლუბს თვისობრივად სხვა დონეზე აიყვანადა.
როგორც ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა თავისი ტვიტერის გვერდზე წერს, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა სერიოზულად დაფიქრებულა ზაფხულში გუნდის დამრიგებლად ყოფილი ვარსკვლავის, ჩავი ერნანდესის დანიშვნის თაობაზე, რომელიც ამჟამად ყატარულ „ალ სადს“ წვრთნის.
ჩავი კატალონიური კლუბის ლეგენდაა. ის კლუბის აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 1998-2015 წლებში თამაშობდა. რვაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ ქვეყნის თასი და კიდევ უამრავი ჯილდო.
კარიერა ყატარში, „ალ სადში“ დაასრულა.