ჩოგბურთი

2:52 | 18.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკელმა ბრეიდიმ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა

იმის მიუხედავად, რომ ტურნირის დაწყებამდე, მკაცრ კარანტინში აღმოჩნდა და სავარჯიშოდ ნაკლები დრო ჰქონდა, ამერიკელმა ჯენიფერ ბრეიდიმ მაინც მოახერხა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გასვლა. მეოთხედფინალში მან თანამემამულე ჯესიკა პეგულა 4-6 6-2 6-1 დაამარცხა.

25 წლის ჩოგბურთელისთვის ეს დიდი სლემის ტურნირებზე მეორე ნახევარფინალია. პირველად ეს შარშან, აშშ-ის ღია პირველობაზე შეძლო. არადა ტურნირის დაწყებამდე იმ 72 ჩოგბურთელს შორის აღმოჩნდა, რომლებსაც ორგანიზატორებმა ვირუსით ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო, 14-დღიანი კარანტინი „მიუსაჯეს“.

მაგრამ ბრეიდიმ ეს ორი კვირა დასასვენებლად გამოიყენა. „თითქმის არ დამისვენია. ცოტა გადაღლილი ვიყავი და ეს კარანტინი ძალების აღსადგენად გამომდგა. მინდა ვთქვა, რომ ამ ტურნირზე წარმატების მოლოდინი არ მქონდა. გამიმართლა, რომ კარანტინ გამოვლილებისთვის ცალკე ტურნირი გამართეს. იქ რამდენიმე შეხვედრა ვითამაშე და მერე აქ დავიწყე“, - ყვება ბრეიდი.

ნახევარფინალში ბრეიდის მეტოქე ჩეხი კაროლინა მუკოვაა, რომელმაც სენსაციური გამარჯვება (1-6, 6-3, 6-2) მოიპოვა პირველ ჩოგან ეშლი ბარტისთან შეხვედრაში. მეორე ნახევარფინალში კი სერენა უილიამსი და ნაომი ოსაკა დაუპირისპირდებიან. საინტერესოა, რომ რამდენიმე თვის წინ, მუკოვას გარდა, სამივემ აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალშიც ითამაშა.

0.135089