ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოთხ სეტში, 6-7(6) 6-2 6-4 7-6(6) აჯობა გერმანელ ალექსანდერ ზვერევს და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
სერბმა პირველი სეტი დაძაბულ ბრძოლაში წააგო, რასაც ზედიზედ ორ სეტში გამარჯვება მოაყოლა. მეოთხე სეტში კი მოსაგებად ტაიბრეიკი დასჭირდა. მესამე და მეოთხე სეტებში ზვერევმა დაწინაურება შეძლო. მესამე სეტს ის 4-1 იგებდა, მეოთხე კი პირველი სამი გეიმის მოგებით დაიწყო. მაგრამ უპირატესობის ბოლომდე მიყვანის საშუალება მეტოქემ აღარ მისცა.
ჯოკოვიჩს მარჯვენა ფერდზე სახვევი ედო, მაგრამ როგორც ჩანს, წინა თამაშში მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, მის თამაშს ტრავმის კვალი არ ეტყობოდა. ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში 39-ედ ითამაშებს, სადაც მეტოქედ კვალიფიკაცია გამოვლილი რუსი ასლან კარაცევი ეყოლება.
„ტაიბრეიკის შემდეგ, უკეთ მოძრაობა, უკეთ მოწოდება დავიწყე და საბოლოოდ, მასზე მეტი ეისი მოვაწოდე, რაც ისეთ ჩოგბურთელთან, როგორიც საშაა, მცირე სასწაულია. ემოციურად ცოტა გამოფიტულად ვგრძნობ თავს. ეს დიდი ბრძოლა იყო, მას არ გაუმართლა. ორივე ზღვარზე ვთამაშობდით“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა.
23 წლის ზვერევმა შეხვედრა ტავდაჯერებულად დაიწყო და მეტოქის პირველივე მოწოდბაზე გეიმი მოიგო. ფავორიტს თავის რიტმში შესვლა გაუჭირდა. მაგრამ ის კი მოახერხა, რომ 3-5-ზე, თავის მოწოდებაზე მეტოქეს სეტ პოინტი გაუქვითა, მომდევნო გეიმში კი თავად მიაღწია ბრეიკს და სეტი ტაიბრეიკზე გადაიყვანა. მაგრამ გადამწყვეტ მომენტში შეცდომა დაუშვა და გერმანელი 1-0 დაწინაურდა.
პირველი სეტი ერთი საათი გაგრძელდა, მეორე კი ჯოკოვიჩმა 29 წუთში მოიგო. მესამე სეტში ისევ ზვერევმა იძალა და 4-1 დაწინაურდა. აქ სერბს ნერვებმა უმტყუნა, რასაც მისი ჩოგანი შეეწირა. მაგრამ როგორც ჩანს, ასეთმა „თერაპიამ“ კარგად იმუშავა. მეექვსე გეიმში ზვერევი მეტოქის მოწოდებაზე 30-0 დაწინაურდა, მაგრამ აქ ჯოკოვიჩი თამაშში კიდევ ერთხელ „დაბრუნდა“. მან მომდევნო 24 გათამაშებიდან 20 მოიგო და სეტებში 2-1 დაწინაურდა.
ზვერევმ მეოთხე სეტიც კარგად დაიწყო და პირველ ოთხ გეიმში მეტოქე თამაშიდან გამოთიშა. მაგრამ ჯოკოვიჩი არ გატყდა და ზედიზედ სამი გეიმის მოგებით, ანგარიში 3-4-მდე გამოასწორა. მე-12 გეიმში, ზვერევმა სეტ პოინტი მიიღო, მაგრამ მეტოქემ ის ეისით გაუქვითა და მალე სეტი ტაიბრეიკზე გადაიყვანა. იქ კი სერბმა შეხვედრაში 23-ე ეისით გამარჯვების ქულა აიღო.