ავსტრალიის ღია პირველობის ყოფილმა ჩემპიონმა, იაპონელმა ნაომი ოსაკამ ტურნირის მეოთხედფინალში 6-2 6-2 აჯობა ტაივანელ ჰსიჰ სუვეის და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ოსაკამ თავიდანვე აქცენტი მეტოქის სუსტი მოწოდებით სარგებლობაზე გააკეთა და სასურველი შედეგი იოლად მიიღო. ჰსიჰის ძლიერი ჩოგბურთელების დამარცხება სჩვევია, მაგრამ მისთვის პირველ სასლემო მეოთხედფინალის გავლა ვერ შეძლო.
ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 2019 წელსაც დაუპირისპირდნენ და მაშინ ოსაკას გვარიანად გარჯა დასჭირდა - სეტით უკან იყო და მეორე გეიმში მეტოქეს ბრეიკი ჰქონდა, როცა „გაიღვიძა“ და შეხვედრა გამრჯვებით დაასრულა. მაშინ მან ფინალსაც უწია და ჩემპიონიც გახდა. ამჯერად მესამე ნომრად განთესილ ოსაკას მოსაგებად 66 წუთი ეყო.
„რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ყოველთვის, როცა მას ვხვდები, ბრძოლის გადატანა მიწევს. ანგარიშის მიუხედავად, გამონაკლისი არც ეს შეხვედრა იყო“, - განაცხადა 23 წლის ოსაკამ, ვისაც ნახევარფინალში სერენა უილიამსთან თამაში მოუწევს, ვინც დაძაბულ პაექრობაში სიმონა ჰალეპს მოუგო.
35 წლის ტაივანელს შეხვედრის დასაწყისში, მათ შორის, ერთი პირველივე გეიმში, სამი ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ქულაში ვერცერთი გარდასახა. ოსაკამ პირველი ბრეიკ პოინტი სმეშით გაქვითა, მერე კი თავად შეძლო მეტოქის გეიმის მოგება და მალე 3-1 დაწინაურდა.
მეხუთე გეიმში ოსაკას ისევ ბრეიკ პოინტის მოგერიებამ მოუწია. მან ეს შეძლო და შემდეგ მეტოქის გეიმისთვის იბრძოლა. საბოლოოდ, სეტი იაპონელის გამარჯვებით დასრულდა. მეორე სეტის დასაწყისში, ჰსეჰმა შეცდომებს უხშირა, რამაც ოსაკას 2-0 დაწინაურების საშუალება მისცა. მანვე მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ტაივანელმა ორი მატჩ პოინტის მოგერიება შეძლო, თუმცა ოსაკამ მესამეზე მიზანს მაინც მიღწია.