ფეხბურთი

10:23 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა ორი სუპერ-მატჩით ბრუნდება: პსჟ-ს შურისძიება სურს, "ლივერპულს" სეზონის გადარჩენა

ორი თვე სწრაფად მიილია და ჩემპიონთა ლიგა მოედანს უბრუნდება. დღეს, მერვედფინალური ეტაპი დაიწყება და ძალიან მაგარი ორი მატჩი გაიმართება. ერთი ბარსელონაში, მეორე - ბუდაპეშტში.

არა, ჩემპიონთა ლიგას უნგრული გუნდი არ შემორჩენია, მაგრამ იქ მასპინძლის სტატუსით „ლაიფციგი“ ითამაშებს და რასაკვირველია, ეს კორონავირუსის დამსახურებაა... იულიან ნაგელსმანის გუნდი „ლივერპულს“ უმასპინძლებს, რომლისთვისაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგა სეზონის გადარჩენის უკანასკნელი შანსი და იმედია. ინგლისური გრანდისთვის წელს ყველაფერი კოშმარულად მიდის და პრემიერლიგაში ბოლო სამი თამაში წააგო. საერთოდაც, უკანასკნელ 10 ტურში 9 ქულა მოიპოვა, რაც კატასტროფული შედეგია, მითუფრო „ლივერპულისთვის“. თუმცა, ის პრემიერლიგაა, ეს ჩემპიონთა ლიგა და „წითლებს“ კონკრეტული ერთი მატჩისთვის მობილიზება ნამდვილად შეუძლიათ. მეორეს მხრივ, არის „ლაიფციგი“, რომელიც შარშანდელი ნახევარფინალისტია და საერთოდაც, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ისტორიაში მეორედ თამაშობს. გერმანულ გუნდს ჩინებული სეზონი აქვს და წელსაც მაღალ მიზნებს უტევს. ორივე გუნდის სათამაშო ფილოსოფიიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ შემტევი ფეხბურთი გაჩაღდება და წესით გოლებიც მრავლად უნდა გავიდეს.

„ლივერპულს“ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს, რასაც პრინციპიში კლოპი უკვე შეეგუა და მის გუნდს ეს ძალიან მძიმედ გადააქვს. „ლაიფციგი“ უმნიშვნელოვანეს თამაშს დანაკლისის გარეშე ხვდება. საინტერესოა მწვრთნელთა დუელიც - გერმანული სკოლის დაპირისპირებები. 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში, კლოპის „ლივერპულმა“ ნაგელსმანის „ჰოფენჰაიმს“ ადვილად მოუგო. მაგრამ ახლა იულიანი უფრო გამოცდილი და დახვეწილია, თან გუნდიც ერთმნიშვნელოვნად უკეთესი ჰყავს და რევანშაც უმიზნებს, რატომაც არა?! ვთქვათ ისიც, რომ ეს გუნდები დღეს ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.

იულიან ნაგელსმანი („ლაიფციგისმწვრთნელი): „ჩვენ კარგი პერიოდი გვაქვს და ბოლო ოთხი თამაში მოვიგეთ. თუ „ლივერპულს“ კარგი დღე ექნება, ისინი ფავორიტები არიან. პრემიერლიგაში ცუდი შედეგების მიუხედავად, ყველამ იცის, რომ ამ გუნდთან თამაში არასასიამოვნოა, რადგან ძალიან სწრაფები არიან და მწვრთნელის მითითებებს კარგად ასრულებენ. პრემიერლიგის ტიტულის მოგების შანსი თითქმის დაკარგეს და ჩემპიონთა ლიგაზე მთელი ენერგიით ითამაშებენ“.

იურგენ კლოპი („ლივერპულისმწვრთნელი): „თუ „სიტისთან“ და „ლესტერთან“ მატჩები ნახეთ, არ ჰგავდა იმ მატჩებს, რომლებშიც 7 გოლი უნდა გაგვეშვა და მხოლოდ 2 გაგვეტანა. ეს ინდივიდუალური შეცდომების გამო მოხდა, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. ჩვენი გუნდი ერთიანია და გუნდში კარგი განწყობაა“.

ლაიფციგი“ – „ლივერპული

ლაიფციგი“ (3-4-2-1): გულაჩში; კლოსტერმანი, ორბანი, უპამეკანო; მუკიელე, საბიტცერი, კამპლი, ანხელინიო; ნკუნკუ, დანი ოლმო; პოულსენი

ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, კაბაკი, ჰენდერსონი, რობერტსონი; ტიაგო ალკანტარა, ვიენალდუმი, ჯონსი; სალაჰი, ფირმინო, მანე

დღის მთავარი თამაში „კამპ ნოუზე“ შედგება. „ბარსელონა“ „პარი სენ ჟერმენს“ მასპინძლობს, რომელსაც 4 წლის წინ ამავე ეტაპზე ისტორიული გაკვეთილი ჩაიუტარა. ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ მაშინ პარიზში მასპინძლებმა 4:0 მოიგეს და თავი შემდეგ ეტაპზე ეგონათ, მაგრამ ესპანეთში 1:6 წააგეს და „ბარსამ“ ისტორიულად დააქამბექა.

თუმცა, მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და იმ მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი ნეიმარი დღეს პსჟ-სთვის უტევს. უფრო სწორად, დღეს ვერ შეუტევს, რადგან ტრავმირებულია. ბრაზილიელი ყოფილ კლუბს ვერ დაუპირისპირდება და მაურისიო პოჩეტინოსთვის ეს დიდი დარტყმაა. ზოგადად, „პარი სენ ჟერმენს“ არასტაბილური შედეგები აქვს და ლიგა 1-ში არათუ დამაჯერებლად ვერ ლიდერობს, ჩემპიონობისთვის დიდი ბრძოლა ელოდება. არგენტინელი სპეციალისტი არ მალავს, რომ მისი გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ამასთან, შარშან პსჟ მართლაც ახლოს იყო - ფინალში წააგო. მეორეს მხრივ, „ბარსელონა“ ბევრისთვის ამ წყვილში აუტსაიდერად ითვლებ(ოდ)ა, მაგრამ ალბათ ეს ორი თვის წინ უფრო რეალური იყო, ვიდრე ახლა. რონალდ კუმანის გუნდმა ძალიან მაგრად მოუმატა - ლა ლიგაში 12-მატჩიანი წაუგებელი და 8-მატჩიანი მოგებების სერია აქვს! კატალონური გრანდი აშკარად ფერზე მოვიდა და ასე თუ გააგრძელებს, ვინ იცის, წარმატებული სეზონიც გამოუვიდეს. 2021 წელს „ბარსას“ ფეხი ერთადერთხელ დაუცდა, როდესაც სამეფო თასის ნახევარფინალში „სევილიასთან“ (0:2) წააგო. ეგ იყო და ეგ, დანარჩენ შემთხვევაში „ბლაუგრანა“ მართლაც შესანიშნავია და პსჟ-ს იოლი გასეირნება წესით არ უნდა ჰქონდეს.

„ბარსელონა“ და პსჟ აქამდე 11-ჯერ შეხვედრიან, 5-ჯერ ესპანელებმა მოიგეს, 3-ჯერ ფრანგებმა და 3-ჯერ ფრე დაფიქსირდა. ისინი 1997 წელს თასების თასის ფინალში გადაეყარნენ ერთმანეთს, ხოლო 2012 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგაზე უკვე მეხუთედ გადაიკვეთნენ (მატჩების როდენობით მეცხრედ). „ბარსამ“ პსჟ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან ბოლო სამ შემთხვევაში გააგდო (2013, 2015, 2017 წლებში), ხოლო 1995 წელს მეოთხედფინალში პარიზელებმა იმარჯვეს (2:1, 1:1).

რონალდ კუმანი („ბარსელონას“ მწვრთნელი): „ჩემპიონთა ლიგის განახლებას დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით. დიდი ხანია ვიცით, რომ ძალიან რთული თამაში იქნება, რადგან პსჟ ძლიერი გუნდია. გვინდა, რომ ბურთს ვფლობდეთ, თამაშზე ვდომინირებდეთ და საგოლე მომენტებს ვქმნიდეთ. და, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კარის მშრალად შენახვა, რომ საპასუხო მატჩის წინ კარგი პლაცდარმი შევიქმნათ“.

მაურისიო პოჩეტინო (პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი): „ეს განსაკუთრებული თამაშია, მითუმეტეს, რომ ამ გუნდში დაახლოებით 40 დღეა ვარ. ვგრძნობ, რომ მატჩი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. ჩემპიონთა ლიგის მოგება გუნდის მთავარი მიზანია. თამაშისთვის მზად ვართ, ამასთან დაკავშირებით ძალიან მშვიდად ვარ“.

„ბარსელონა“ – „პარი სენ ჟერმენი“

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; დესტი, მინგესა, ლენგლე, ალბა; დე იონგი, ბუსკეტსი, პედრი; მესი, გრიზმანი, დემბელე

„პარი სენ ჟერმენი“ (4-3-3): ნავასი; ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა; გეიე, ვერატი, პარედესი; კინი, იკარდი, მბაპე

0.156585