ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა, კორტინა დ’ამპეცოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ალპური კომბინაციის რბოლა მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატებზე მეცხრედ ავიდა კვარცხლბეკზე, რაც რეკორდული მიღწევაა. მორიგი ტრიუმფის შემდეგ კი განაცხადა, რომ მედლის მოგება იმ სიამოვნების ბონუსია, რომელსაც სამთო თხილამურებით ასპარეზობისას, ადრენალინის მოზღვავება ანიჭებს.
25 წლის შიფრინს სუპერ გიგანტის ცდის შემდეგ, მესამე დრო ჰქონდა, თუმცა სლალომში ყველას აჯობა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. სუპერ გიგანტის შემდეგ, შიფრინს ორი იტალიელი - ფედერიკა ბრიონიონე და ელენა კურტონი უსწრებდა. მაგრამ სლალომზე ბრინიონემ, ვინც ლიდერის რანგში, სტარტი პირველმა აიღო, მეორე გასასვლელშივე შეცდომა დაუშვა და რბოლას გამოეთიშა. კურტონიმ თავისი ცდა უშეცდომოდ შეასრულა და დაწინაურდა. თუმცა მალევე შიფრინმა ის უკან ჩამოიტოვა და ყველასთვის მიუწვდომელი დარჩა.
შიფრინს მსოფლიო ჩემპიონატებზე ექვსი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. კორტინაში მისი პირველი მედალი ბრინჯაო იყო, რომელიც სუპერ გიგანტში აიღო. თავისი მონაგარით - ცხრა მედლით, მან უკან მოიტოვა სახელოვანი თანამემამულე ლინდსი ვონი.
„ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვი. არა რეკორდებისთვის, არამედ იმიტომ, რომ სისწრაფე მიყვარს. ოქროს მედლის მოპოვება ყოველთვის, ნებისმიერ რბოლაში საოცარია, მაგრამ დღევანდელი გამარჯვება განსაკუთრებული იყო“, - განაცხადა შიფრინმა, ვინც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია.
ვერცხლის მედალს სლოვაკი პეტრა ვლჰოვა დაეუფლა, ვინც გამარჯვებულს 0.86 წამით ჩამორჩა. ბრინჯაოს მედალი კი შვეიცარიელ მიშელ გისენს ერგო, რომელმაც შიფრინთან 0.89 წამი წააგო. აღსანიშნავია, რომ 30 მონაწილიდან, 14-მა სლალომის ფინიშამდე მიღწევა ვერ შეძლო.
შიფრინი ასევე ფავორიტია გიგანტურ სლალომსა და სლალომში, რომლებიც შესაბამისად, ხუთშაბათს და შაბათს ჩატარდება.







