ავტოსპორტი

4:10 | 16.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაკლარენმა მერსედესის ძრავიანი MCL35M გაგვაცნო

„მაკლარენი“ ფორმულა 1-ის პირველი გუნდია, რომელმაც თავისი ახალი სარბოლო ავტომობილი - MCL35M წარმოგვიდგინა. წარდგენა კომპანიის ტექნოლოგიური ცენტრიდან, პირდაპირ რეჟიმში ჩატარდა.

„მაკლარენი“ ფ1-ის ერთადერთი გუნდია, რომელმაც ახალი სეზონის წინ, ძრავის მიმწოდებელი შეცვალა. გუნდმა უარი თქვა „რენოს“ აგრეგატებზე და რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ „მერსედესის“ ძრავების მომხმარებელი გახდა. სარბოლო ავტომობილის სახელში ასო M სწორედ „მერსედესთან“ პარტნიორობის განახლების აღსანიშნავად გაჩნდა.

სწორედ „მერსედესის“ ძრავებით ასპარეზობდნენ უოკინგელები 1995-დან 2014 წლამდე და ამ პერიოდში გუნდმა კონსტრუქტორთა ერთი და პილოტთა სამი ტიტული მოიპოვა. ბოლო გამარჯვებაც „მერსედესის“ ძრავით არის მოპოვებული.

ახალი სეზონიდან, გუნდში კალოს საინსს, ვინც „ფერარიში“ გადავიდა, დანიელ რიკარდო შეცვლის. ავსტრალიელმა განაცხადა, რომ „მაკლარენის“ დიდი ხნის ფანია და „რედ ბულში“ ყოფნსას, კომპანიის ქარხანას საიდუმლოდ ესტუმრა, რათა მისი საგზაო ავტომობილი შეეძინა.

რიკარდოს პარტნიორია ლანდო ნორისი, ვინც გუნდში და ფ1-ში მესამე სეზონს გაატარებს. „მაკლარენ რეისინგის“ შეფი ზეკ ბრაუნი ირწმუნება, რომ ამჟამდ მის გუნდს ფ1-ში პილოტთა საუკეთესო წყვილი ჰყავს.

0.125724