ფეხბურთი

23:35 | 15.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი ახლოდან: 2-წლიანი ბრაზი ზიდანთან, წარმატებული სეზონი "ბორდოში" და სხვა...

საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ვილი სანიოლი. 43 წლის სპეციალისტი საფეხბურთო სამყაროსთვის ნაცნობი სახეა, წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა და წლების განმავლობაში მიუნხენის „ბაიერნსა“ და საფრანგეთის ნაკრებში დაცვის მარჯვენა ფლანგზე შეუცვლელი იყო.

საფრანგეთის ნაკრებში ორჯერ გახდა კონფედერაციათა თასის გამარჯვებული, ერთხელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. 2006 წელს იტალიასთან ფინალში 120 წუთი ითამაშა, ზინედინ ზიდანის გაძევების შემდეგ კაპიტნის სამკლავური მას ეკეთა და პენალტების სერიაში ჯანლუიჯი ბუფონს პენალტიც გაუტანა. სწორედ ამ ფინალის გამო ვილი ზინედინ ზიდანზე დიდი ხანი გაბრაზებული იყო და როგორც მოგვიანებით გაიხსენა, ორი წელი არ ელაპარაკებოდა, თუმცა, შემდეგ მის ქორწილზე შეურიგდა.

სანიოლმა მიუნხენის „ბაიერნში“ 9 სეზონი ითამაშა, ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და ბუნდესლიგა - 5-ჯერ. ცხადია, იმ პერიოდის „რეკორდმაისტერში“ მას მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, ისე 9 წელი „ბაიერნში“ არავის გააჩერებენ. თუმცა, ერთია საფეხბურთო კარიერა და მეორე - სამწვრთნელო.

ვილიმ მწვრთნელობა საფრანგეთის 21 წლამდე ნაკრებში დაიწყო, რომელსაც 2013-2014 წლებში 8-ჯერ უხელმძღვანელა და შედეგები ურიგო არ ჰქონია - 6 მოგება, 2 ფრე. თუმცა, შემდეგ წინადადება „ბორდოდან“ მიიღო, ერთ-ერთი ტრადიციული ფრანგული კლუბიდან, სადაც ზინედინ ზიდანის მიწვევა სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ და სათადარიგო ვარიანტად სანიოლი შეარჩიეს. ისიც წინადადებას დათანხმდა.

საკლუბო დონეზე სადებიუტო სეზონი წარმატებული გამოვიდა და ლიგა 1-ში 63 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა, რითაც ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა. ჟირონდელები განსაკუთრებით კარგად შინ თამაშობდნენ და 17-დან 12 მატჩი საშინაო არენაზე მოიგეს. 38 მატჩში „ბორდომ“ იმ სეზონში მხოლოდ 44 გოლი გაიტანა, თუმცა, ლიგა 1-სთვის, ეს დამახასიათებელია. იმავე სეზონში ვილის „ბორდომ“ ლეონარდო ჟარდიმის „მონაკო“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, 4:1 დაამარცხა, აჯობა „პარი სენ ჟერმენსაც“ (3:2), „მარსელსაც“ (1:0), აი „ლიონთან“ ყველაზე მწარე მარცხი განიცადა და შინ 0:5 წააგო. საფრანგეთის თასსა და ლიგის თასს მეორე წრეში გამოეთიშა.

2015-2016 წლების სეზონში საფრანგეთის ორივე თასზე ერთი ეტაპი დაძლია და მესამე წრეში წააგო „ნანტთან“ და „ლილთან“. პარალელურად, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, თუმცა, მანამდე საკვალიფიკაციო ეტაპზე ლარნაკას აეკ-ი და ყაზახური „კაირატი“ დაამარცხა, რომელსაც სხვათა შორის, იმ დროს ვლადიმირ ვაისი წვრთნიდა. სანიოლის „ბორდომ“ ჯგუფში განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია და 6 ტურში მხოლოდ 4 ქულით (4 ფრე, 2 წაგება) ბოლო ადგილზე გავიდა. მისი მეტოქეები „ლივერპული“, ყაზანის „რუბინი“ და შეიცარიული „სიონი“ იყვნენ.

და, ლიგა 1? აქ „ბორდომ“ სეზონი 50 ქულით „ანჟერთან“ და „ბასტიასთან“ ერთად მეცხრე-მეთერთმეტე ადგილებზე დაასრულა. ზოგადად, სანიოლს ის სეზონი არ ჩაუმთავრებია, რადგან 12 მარტს, „ტულუზასთან“ სტუმრად 0:4 განადგურების შემდეგ გაათავისუფლეს.

2017 წელს სანიოლი მიუნხენის „ბაიერნში“ დასაქმდა, როგორც კარლო ანჩელოტის თანაშემწე, მერე ერთი მატჩით „რეკორდმაისტერის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობა (2:2 „ჰერტასთან“) შეასრულა, მაგრამ შემდეგ მიუნხენში იუპ ჰაინკესი დააბრუნეს, რომელმაც თავისი სტაფი მიიყვანა და ვილის წასვლა მოუწია. მას შემდეგ თითქმის 4 წელი გავიდა და სანიოლს სამწვრთნელო კარიერა საქართველოში განახლდება. ამ პერიოდში ის ფრანგულ ტელევიზიაში, RMC Sport-ი საფეხბურთო მიმომხილველად მუშაობდა.

სანიოლი ბუნდესლიგაში სწორედ იმ წლებში თამაშობდა, როცა ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი. შესაბამისად, ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ და ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშიათ. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ სფფ-სა და სანიოლს შორის შეთანხმების დადებით დასრულებაში ის პერიოდი კავშირშია.

ვნახოთ, როგორი იქნება მისი მუშაობა საქართველოს ნაკრებში. კონტრაქტი ორწლიანია და დებიუტამდეც 41 დღეა დარჩენილი. ზოგადად, მარტში ბევრი რამ გამოჩნდება, რადგან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის 8 მატჩიდან 3 სწორედ მომდევნო თვეში გაიმართება. ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების ისტორიაში მეორე ფრანგი მწვრთნელია ალან ჟირესის შემდეგ.

0.0766