ფეხბურთი

14:53 | 15.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰანდანოვიჩი სერია A–ს ისტორიაში მეორე ლეგიონერია, რომელმაც 500 მატჩი ჩაატარა

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში „ინტერისა“ და რომის „ლაციოს“ მატჩში სლოვენიელმა მეკარემ, სამირ ჰანდანოვიჩმა კარიერაში მე-500 მატჩი ჩაატარა. ინფორმაციას სტატისტიკური პორტალი opta ავრცელებს.

36 წლის კარის დარაჯმა აღნიშნულ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა, რადგან მატჩის 61-ე წუთზე სერგეი მილინკოვიჩ სავიჩის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა მის კარში აღმოჩნდა, თუმცა, ამ გოლს თამაშზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან „ნერაძურიმ“ მეტოქეს დამაჯერებლად - 3:1 სძლია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იტალიის სერია A-ში მხოლოდ 14 მოთამაშეა ისეთი, რომლებიც 500-მატჩიან ნიშნულს გადასცდნენ, ერთ-ერთი კი სწორედ ჰანდანოვიჩია. უფრო მეტიც, არაიტელიელ ფეხბურთელებს შორის სლოვენიელი კიპერი ჩატარებული მატჩებით მეორე ადგილზეა, მას კი ასევე „ინტერის“ ფეხბურთელი ხავიერ ძანეტი უსწრებს.

ჰანდანოვიჩს ამ მონაგარის გაზრდა მომდევნო შეხვედრაში შეეძლება, რომელსაც ანტონიო კონტეს გუნდი 21 თებერვალს, "მილანის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.109395