ფეხბურთი

2:34 | 15.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მადონინას" წინ "ინტერმა" "მილანს" გადაასწრო

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურის შემდეგ ლიდერი შეეცვალა. „ინტერმა“ „მილანის“ წაფორხილებით ისარგებლა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

„როსონერიმ“ შაბათს „სპეციასთან“ უშანსოდ და მოულოდნელად წააგო, ხოლო „ინტერმა“ შინ „ლაციოს“ უმასპინძლა და ერთი შეხედვით რთული თამაში უნდა ჰქონოდა. თუმცა ანტონიო კონტეს გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და მეტოქისთვის შანსი არ მიუცია.

მინდორზე საუკეთესო ცალსახად რომელუ ლუკაკუ იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა და მერე საგოლე პასიც დაამატა, თან ისეთი, ბარე-ორ გოლს რომ არ ჩამოუვარდებოდა. ბელგიელის ლიდერობით კი „ნერაძურიმ“ „მილანის“ გადასწრება შეძლო. ახლა ანტონიო კონტეს გუნდს 50 ქულა აქვს და ქულით გაასწრო „მილანს“, რაც ყველაზე საინტერესოა, მომდევნო ტურში 21 თებერვალს ეს გუნდები ერთმანეთს დერბი „დელა მადონინაში“ დაუპირისპირდებიან!

კვირის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია "რომას" გამარჯვება "უდინეზესთან" (3:0), რის შედეგადაც "ჯალოროსიმ"43 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში "იუვენტუსს" გადაასწრო. შესაბამისად, ახლა მესამე პოზიციაზე "რომაა", "იუვე" კი მხოლოდ მეოთხე ადგილს ამაგრებს.

„ინტერი“ – „ლაციო“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 ლუკაკუ (22, პენ), 2:0 ლუკაკუ (45), 2:1 ესკალანტე (61), 3:1 ლაუტარო მარტინესი (64)

0.225305