ჩოგბურთი

16:53 | 14.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი მეოთხედფინალში გავიდა

სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე წრეში, 6-4 2-6 6-4 მოუგო ბელარუს არინა საბალენკას და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ამერიკელს საკმაოდ გაუჭირდა, რადგან საბალენკა იმ იშვიათ ჩოგბურთელთაგანია, რომელსაც უკანა ხაზიდან, მისი ძლიერი დარტყმების გამკლავება შეუძლია.

„მიხარია, რომ ეს წინააღმდეგობაც გავიარე. ვიცოდი, რომ იოლი თამაში არ მელოდა. ის ყოველი დარტყმის მოგერიებას ახერხებდა. ის გეიმებიც კი, რომლებიც წავაგე, ძალიან დაძაბული იყო. ყოველი გათამაშების შემდეგ, საკუთარ თავს ვამხნევებდი: სერენა, ეს შენია, ასე გააგრძელე“, - ყვება უილიამსი.

პირველივე სეტში დაძაბული ბრძოლა გაიმართა, მაგრამ ბოლოს სერენამ მეტოქის მოწოდება მოიგო და სეტებში 1-0 დაწინაურდა. მეორე სეტში საბალენკამ თავიდანვე შეძლო ბრეიკის აღება და მიუხედავად იმისა, რომ იქვე სერენამაც ბრეიკით უპასუხა, ამერიკელის მომდევნო მოწოდებაზევე, კიდევ ერთხელ გაილაღა, ამჯერად მოპოვებული უპირატესობა ხელიდან არ გაუშვა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში პირველი საბალენკა გატყდა. მან თავის მოწოდებაზე რამდენიმე შეცდომა დაუშვა და მეტოქეს 3-1 დაწინაურების საშუალება მისცა. თუმცა ბელარუსმა ჩოგბურთელმა მერვე გეიმში მაინც შეძლო ანგარიშის გათანებრება - 4-4. მომდევნო გეიმში, სერენამ საკუთარ მოწოდებაზე იოლად აიღო ქულა - 5-4.

საბალენკას ორმაგი შეცდომის შემდეგ, სერენა 30-15 დაწინაურდა. შემდეგ ბელარუსი ჩოგბურთელის მიერ გაშვებული ბურთი ბადემ შეაჩერა და ამერიკელმა ორმაგი მრჩ პოინტი მიიღო, რომელიც ისევ მეტოქის შეცდომის წყალობით, გამარჯვების ქულად აქცია.

0.130495