ფორმულა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „მერსედესმა“ გამოაცხადა, რომ ძრავთან დაკავშირებით, პრობლემები წარმოიქმნა, თუმცა გუნდს იმედი აქვს, რომ სეზონის პირველი რბოლისთვის, მათს მოგვარებას შეძლებს.
ამ ინფორმაციის გავრცელებას, სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსგავსი განცხადება გუნდმა გასული სეზონის წინაც გააკეთა, მაგრამ იმ სეზონში აბსოლუტური დომინანტი იყო - 17-დან 13 რბოლა თავად მოიგო და ერთხელაც მისი ძრავით აღჭურვილი „რეისინგ პოინტის“ სერხიო პერესმა გაიმარჯვა.
„ძალურ დანადგარებთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები შეიქმნა. მაგრამ მათი გამომწვევი მიზეზები ვიცით და მოგვარების გეგმებიც დავსახეთ. დარწმუნებული ვარ, პირველი რბოლისთვის ყველაფერი წესრიგში იქნება“, - ამბობს ძრავების განყოფილების შეფი ჰაიველ თომასი.
„მერსედესი“ თავისი ძრავებით, ჩემპიონატის მონაწილე 10 გუნდიდან ოთხს ამარაგებს, მათ შორის საკუთარ გუნდსაც. კლიენტებს - „უილიამსს“ და „ასტონ მარტინს“ (ყოფილ რეისინგ პოინტს), ახალი სეზონიდან „მაკლარენი“ დაემატება.
თომასი ამბობს, რომ „მერსედესს“ ძრავის სტენდზე გამოცდისთვის დროითი შეზღუდვები ჰქონდა, რაც სრულყოფის პროცესს აფერხებდა. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მთელ სეზონზე, გუნდს ძრავის გაუმჯობესება მხოლოდ ერთხელ შეუძლია.