„ლივერპულმა“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო პრემიერლიგაში. ასეთი რამ პირველად მოხდა იურგენ კლოპის მწვრთნელობის პერიოდში. არადა, არცთუ დიდი ხნის წინათ, გასულ სეზონში, „წითლების“ ფანტასტიკური წარმოდგენების დროს, მართლაც ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ „წითელი მანქანა“ ჭიანაჭამ ფუტუროს დაემსგავსებოდა - გადაღლილი მენტალურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. ხუთი მარცხი ბოლო შვიდ შეხვედრაში ყველა ტურნირში... გალახულებს გვანან, როგორც „მანჩესტერ სიტი“ შარშან.
ძალიან მტკივნეულად გორდებიან მწვერვალიდან. თითქოს კლასიც დაკარგეს. 80 წუთის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას „ლესტერთან“. იგებდნენ კიდეც, მაგრამ 7 წუთის ინტერვალში სამი ბურთი გაუშვეს და ისევ შერცხვენილებმა დატოვეს მინდორი.
„ლესტერი“ დაცვიდან თამაშობდა და ეს გამართლებული იყო. ვარდის ჰქონდა სამი კარგი მომენტი, აქედან ერთხელ ხარიხას მოარტყა ბურთი.
შესვენების შემდეგ სტუმრები უკეთ ათამაშდნენ. ალექსანდერ-არნოლდმა ხარიხასაც მოუსინჯა გამძლეობა. ფირმინოს ეფექტური, „ბრაზილიური“ პასის კვაკლად, სლაჰმა ანგარიშიც გახსნა. შეხვედრის დასრულებამდე 10-12 წუთი რჩებოდა, როცა „მელიებმა“ საჯარიმო დარტყმით გაათანაბრეს, თავი ჯეიმს მედისონმა გამოიჩინა და „ლივერპული“ დაიშალა.
ამას მოჰყვა მეკარე ალისონის ბავშვური შეცდომა, როცა მოწინააღმდეგის შეტევისას საჯარიმო მიატოვა და ახალწვეულ ოზან კაბაკს შეეჯახა. ვარდიმ კი ცარიელ კარში შეაგდო. მერე ბრაზილიელმა ორჯერ იყოჩაღა, მაგრამ უკვე გვიან იყო, წერტილი 85-ე წუთზე ჰარვი ბარნსმა დასვა.
„მატჩის დიდი ნაწილი კარგად ჩავატრეთ, ბურთს ვაკონტროლებდით, გოლიც გავიტანეთ. მაგრამ ბოლოს ყველაფერი აირია. „ლესტერის“ პირველი გოლი თამაშგარედან გავიდა. ამ ეპიზოდში მათი სამი ფეხბურთელი იმყოფებოდა ოფსაიდში.
მეორე გოლი გაუგებრობას მოჰყვა. წესით, ამ დროს მეკარე უბდა ყვიროდეს. მაგრამ ყვირილი არავის გაგუია.
მესამე გოლისას კი საკმარისზე მეტად გავიხსენით. ასეთ ეპიზოდებს ვერაფრით მივიღებ. ეს წაგება კარგად გვიჩვენებს თუ რა რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით.“ უთხრა კლოპმა BBC-ს. სხვათა შორის, გერმანელმა სპეციალისტმა „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის რანგში მე-300 მატჩი ჩაატარა.
„ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ერთი წლის წინ ასეთ თამაშს წავაგებდით, ახლა კი გავიმარჯვეთ. განსაკუთრებით კარგად მეორე ნახევარში ვითამაშეთ. ახლა მოდუნება არაფრით შეიძლება. წინ კიდევ 14 ტურია.“ - ეს „ლივერპულის“ ყოფილი და „ლესტერის“ ამჟამინდელი დამრიგებლის, ბრენდან როჯერსის სიტყვებია, რომელმაც კარიერაში პირველად დაამარცხა იურგენ კლოპი.
ამ გამარჯვების შემდეგ „ლესტერმა“ 46 ქულა დააგროვა და ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა. 40-ქულიანი „ლივერპული“ კი მეოთხე საფეხურზეა.
ტრიუმფალურ სვლას აგრძელებს „მანჩესტერ სიტი.“ ამჯერად „ქალაქელებმა“ „ტოტენჰემი“ დაიბრიყვეს. პირველ წრეში ჟოზე მოურინიომ აშკარად აჯობა თავის ოპონენტ გვარდიოლას. ის თამაში ნოემბერში „დეზებმა“ დამსახურებულად მოიგეს 2:0. მაგრამ ამჯერად მოუს დაცვითმა ტაქტიკამ აღარ გაამართლა. მასპინძლებს ბევრი მომენტი არ შეუქმნიათ, თუმცა რეალიზაცია სანაქებო ჰქონდათ. ილკაი გიუნდოგანმა მიჯრით მეორე მატჩში შეასრულა დუბლი, ერთი გოლიც როდრიმ მიითვალა.
სამჯერ დაამწუხრეს უგო ლორისი. ჩასულებმა კი ერთი ხეირიანი მომენტი შექმნეს. პირველი ტაიმის მიწურულს კეინმა ჯარიმა მოინადირა, თავად დაარტყა და ძელს გაარტყა ბურთი.
პორტუგალიელი სპეციალისტი ანერვიულდა. გარეთ ბეილი და დელე ალიც კი გაიყვანა მინდორზე, რომლებაც ჩვეულებრივ არ სწყალობს ხოლმე, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა.
„სიტიმ“ პრემიერლიგაში ზედიზედ მე-11 შეხვედრა მოიგო. აქედან მიჯრით შინ მეშვიდედ გაიმარჯვა გოლგაუშვებლად. ასეთი დაცვითი რეკორდი „ქალაქელებს“ 1947 წლის შემდეგ აღარ ჰქონიათ. ყველა ტურნირში კი მათ მე-16 შეხვედრა მოიგეს, რაც ასევე სარეკორდოა.
„სიტიმ“ 23 თამაშის შემდეგ 53 ქულა მოაგროვა, დამაჯერებლად ლიდერობს და 7 პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ „ლესტერს,“ თანაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ინგლისი
პრემიერლიგა. 24-ე ტური. 13 თებერვალი
ლესტერი - ლივერპული 3:1
ლესტერი. „კინგ პაუერი.“
0:1 სალაჰი (67), 1:1 მედისონი (79), 2:1 ვარდი (82), 3:1 ბარნსი (85)
ლესტერი: შმეიხელი, სეიუნჯუ, ევანსი, ამარტი, პერეირა, ტილემანსი (ჩუდჰური 87), მედისონი, ოლბრაიტონი (პერესი 74, მენდი 90), ბარნსი, ნდიდი, ვარდი
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, კაბაკი, ჰენდერსონი, რობერტსონი, ვეინალდუმი (შაჩირი 87), მილნერი (ალკანტარა 17), ჯონსი (ოქსლეიდ-ჩემბერლენი 75), ფირმინო, მანე, სალაჰი
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
გაფრთხილება: ევანსი (43); ჯონსი (24), კაბაკი (71)
სიტი - ტოტენჰემი 3:0
მანჩესტერი. „ეტიჰადი.“
1:0 როდრი (23 პენ), 2:0, 3:0 გიუნდოგანი (50, 66)
სიტი: ედერსონი, კანსელუ, სტოუნზი, ლაპორტი, ზინჩენკო, როდრი, გიუნდოგანი (ტორესი 69), ბერნარდუ სილვა, ფოდენი, სტერლინგი, ჟეზუსი (მაჰრეზი 80)
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
ტოტენჰემი: ლორისი, ტანგანგა, სანჩესი, დაიერი, დევისი, ჰოიბერგი, ნდომბელე (ალი 64), ლამელა (ბეილი 72), მოურა (სისოკო 46), სონი, კეინი
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
მსაჯი: პოლ ტირნი
გაფრთხილება: ბერნარდუ სილვა (29); ლამელა (65), დაიერი (77), დევისი (90+2)
კრისტალ პალასი - ბარნლი 0:3
0:1 გუდმუნდსონი (5), 0:2 როდრიგესი (10), 0:3 ლოუტონი (47)
ბრაიტონი - ასტონ ვილა 0:0