ჩოგბურთი

2:18 | 13.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი დარწმუნებული არაა რომ ტურნირის გაგრძელებას შეძლებს

ნოვაკ ჯოკოვიჩი ამბობს, რომ ამერიკელ ტეილორ ფრიცთან ხუთსეტიან შეხვედრაში, მუცლის კუნთი დაუზიანდა, რის გამოც, შესაძლოა ტურნირის გაგრძელება ვერ შეძლოს. სერბმა, ვისაც ავსტრალიის ღია რვაჯერ აქვს მოგებული, მესამე წრის შეხვედრაში ფრიცი 7-6 (1), 6-4, 3-6, 4-6, 6-2 დაამარცხა.

„თუ ის ისევე ითამაშებს, როგორც ჩემთან მეხუთე სეტში, არ მესმის, რატომ არ უნდა გააგრძელოს. მას ასე ყველას დამარცხება შეუძლია“, - გაოცებულმა განაცხადა ფრიცმა, ვინც პირველი ორი სეტის წაგების შემდეგ, ანგარიშის გათანაბრება კი შეძლო, თუმცა სასწაული ვეღარ მოახდინა.

შეხვედრის დროს, ჯოკოვიჩმა სამედიცნო დახმარება ორჯერ ითხოვა. მოგების შემდეგ კი ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა, ფერდში კუნთი ჰქონდეს გაწყვეტილი. სწორედ ამის შემდეგ შეძლო ფრიცმა ანგარიშის გათანაბრება. მატჩის შემდგომი ინტერვიუს დროს, ჯოკოვიჩი პესიმისტურ განწყობაზე იყო.

„ვიცი, რომ კუნთში რაღაც გაწყდა. დარწმუნებული არ ვარ, რომ ორ დღეზე ნაკლებში მის მოშუშებას მოვასწრებ. არ ვიცი, შევძლებ თუ არა კორტზე გამოსვლას. ამ შეხვედრის მოგებით ვამაყობ. ვნახოთ, რა იქნება ხვალ“, - განაცხადა ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ჯოკოვიჩმა.

საინტერესოა, რომ ჯოკოვიჩის მთავარი მეტოქე, მეორე ნომრად განთესილი რაფაელ ნადალი ტურნირის დაწყებამდე წელის ტრავმას უჩიოდა, მაგრამ ორი ეტაპი ისე გაიარა, ეს მის თამაშს არც დასტყობია.

0.123198