ჩოგბურთი

23:05 | 12.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა მძიმე გამარჯვება მოიპოვა, შვარცმანი სენსაციურად დამარცხდა

ავსტრალიის ღია პირველობაზე 12 თებერვალს მეთექვსმეტედფინალის რვა შეხვედრა გაიმართა. საუკეთესო ათეულში მყოფი ჩოგბურთელებიდან ყველამ მოიგო აღნიშნული ეტაპის მატჩი, თუმცა მხოლოდ ერთმა განიცადა სენსაციური მარცხი.

მსოფლიოს ნომერ პირველმა ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტეილორ ფრიცი მუცლის კუნთის დაზიანების მიუხედავად 7:6, 6:4, 3:6, 4:6, 6:2 დაამარცხა. სერბმა მესამე სეტში მუცლის კუნთი დაიზიანა და სამედიცინო შესვენების უფლება გამოიყენა. აღნშნულით ისარგებლა ამერიკელმა და სეტებში ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბოლო სეტში ბალკანელმა მაინც შეძლო გამარჯვების მოპოვება.

ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში მეთოთხმეტედ გავიდა და მელბურნ პარკში 78-ე გამარჯვება მოიპოვა. ავსტრალიის დიდი სლემის ტურნირზე ნოვაკი მხოლოდ რვა მარცხი განიცადა. მატჩის შემდეგ ჯოკოვიჩმა აღნიშნა, რომ კუნთი გაიწყვიტა და არ იცის, რამდენად სწრაფად გაივლის რეაბილიტაციას. სერბი მეცხრე დიდი სლემის ტურნირის მოგებას უმიზნებს და რაფაელ ნადალის შემდეგ გახდება მეორე ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ დიდი სლემის ტურნირი ცხრაჯერ ან მეტჯერ მოიგო.

განვლილ შეხვედრაში ჯოკოვიჩმა 52 ვინერსი შეასრულა, ხოლო ფრიცმა - 62. სერბმა 53 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო ტეილორმა 45-ჯერ დაკარგა ქულა.

ჯოკოვიჩი მეოთხე წრეში მილოშ რაონიჩს შეხვდება, რომელმაც მარტონ ფუჩოვიჩი 7:6, 5:7, 6:2, 6:2 დაამარცხა და ავსტრალიის ღია პირველობაზე 34-ე გამარჯვება მოიპოვა. სერბ და კანადელ ჩოგბურთელებს შორის აქამდე 11 მატჩი გაიმართა და ნოვაკმა ყველა მოიგო. ამჯერად მილოშს შანსი აქვს პირველად დაამარცხოს ბალკანელი.

სენსაციური მარცხი განიცადა დიეგო შვარცმანმა, რომელიც ასლან კარაცევთან 3:6, 3:6, 3:6 დამარცხდა. რუსი ჩოგბურთელი ATP-ის ტურნირებზე მე-16 მატჩს ატარებდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყო, ასეთი გამოცდილების მქონე ასლანმა მერვე ნომერი შვარცმანი გაანადგურა. კარაცევმა ცხრა ეისი მოაწოდა და დიეგომ - არცერთი. დიეგომ მთელი მატჩი განმავლობაში, ჯამში 27 გეიმში ხუთი ვინერსი შეასრულა, ხოლო ასლანმა - 50!. მართალია უნებლიე შეცდომა შვარცმანს 24-ჯერ ნაკლები ჰქონდა (12-38), მაგრამ ამან მას ვერ უშველა. კარაცევი ლაივ რეიტინგში 29 ადგილით დაწინაურდა და ახლა 85-ე პოზიციამდე დაწინაურდა.

კარაცევი შემდეგ ეტაპზე ფელიქს ოჟე-ალიასიმეს შეხვდება. კანადელმა თანამემამულე დენის შაპოვალოვი დიდი სლემის ტურნირზე პირველად დაამარცხა (7:5, 7:5, 6:3) და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2-2 გახდა. აქამდე ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს 2018 და 2019 წლის აშშ-ს ღია პირველობის პირველ წრეში შეხვდნენ და მაშინ დენისმა გამარჯვება შეძლო. ფელიქსმა შაპოვალოვი 2019 წელს მადრიდის მასტერსზე დაამარცხა.

ავსტრალიაში კი ისტორიული მატჩი გაიმართა, რადგან ორი კანადელი ჩოგბურთელი აღნიშნული დიდი სლემის ტურნირის მესამე წრეში პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ოჯე-ალიასიმემ მეტოქეზე 12-ით მეტი ვინერსი შეასრულა (31-19), ხოლო უნებლიე შეცდომებში დენისმა "იყოჩაღა" (37-29).

ტურნირის მესამე ნომერმა დომინიკ თიმმა ნიკ კირიოსი ხუთსეტიან დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა და შემდეგ წრეში გრიგორ დიმიტროვს შეხვდება, რომელმაც ფაქტობრივად უბრძოლველად გაინაღდა მერვედფინალის საგზური. ბულგარელი პაბლო კარენო ბუსტას შეხვდა და ესპანელმა მატჩი შეწყვიტა.

მერვედფინალში გავიდა დუშან ლაიოვიჩი, რომელმაც პედრო მარტინესი 6:7, 7:5, 6:1, 6:4 დაამარცხა. სერბის მომავალი მეტოქე ალექსანდრ ზვერევი იქნება. გერმანელმა იოლი გამარჯვება მოიპოვა ადრიან მანარინოსთან - 6:3, 6:3, 6:1. ზვერევმა 15-ით მეტი ეისი (19-4) და 24-ით მეტი ვინერსი (35-11) შეასრულა. უნებლიე შეცდომები ზვერევმა ხუთით მეტი დაუშვა (31-26).

1/16 ფინალის დანარჩენი რვა მატჩი 13 თებერვალს გაიმართება. მეორე ნომერი რაფაელ ნადალი კემერონ ნორის შეხვდება, ხოლო მეოთხე ნომრად განთესილი დანილ მედვედევი ფილიპ კრაინოვიჩს დაუპირისპირდება.

0.164243