ცნობილმა რუსულმა გამოცემა Sport-express-მა ყაზანის "რუბინის" მოსამზადებელი ეტაპი შეაფასა და სტატიის ყველაზე დიდი ნაწილი ხვიჩა კვარაცხელიას დაუთმო. როგორც მასშია აღნიშნული, ხვიჩა ახლა უფრო მრავალმხრივი ფეხბურთელია და დიდი ალბათობით, რუსეთში ბოლო სეზონს ატარებს.
„როგორც ოფიციალურ მატჩებში, შეკრებაზეც „რუბინის“ მთავარი სახე ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველმა ხუთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და ეს არის ყაზანელთა საუკეთესო მაჩვენებელი ამ ზამთარში. ერთი წლის წინ, იმავე ბელეკში ხვიჩა ეგუებოდა ლეონიდ სლუცკის ნდობას და ძირითადში თამაშის. დღეს კვარაცხელია „რუბინის“ ლიდერია და მთელ ყურადღებას იპყრობს. იყვნენ ისეთი მაყურებლებიც, რომლებიც თამაშზე მხოლოდ მის სანახავად მიდიოდნენ და ისიც იტანდა გოლებს, აკეთებდა პასებს და ეფექტურ დრიბლინგებს.
ამხანაგურ მატჩებშიც კი მას ორი-სამი მეტოქე ეთამაშებოდა, აშინებდნენ, ფეხებში ურტყამდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ წყობიდან გამოეყვანათ. „ნიჟნი ნოვგოროდთან“ მას ფეხებში რამდენჯერმე ჩაარტყეს, მაგრამ ქართველმა მათ ეფექტური დუბლით უპასუხა. 19 წლის ქართველის თამაშს ახლა ცალკე არჩევენ, პირად მეურვეს უყენებენ. კვარა ახლა ოდნავ მრავალმხრივია, ვიდრე მანამდე: გადადის საპირისპირო ფლანგზე, თამაშობს ცენტრშიც და ეძებს თავისუფალ ზონებს.
შესამჩნევია, რომ ხვიჩა ძალიან მონდომებულია სეზონის დარჩენილ ნაწილზე და სურს მაქსიმალურად წარმოაჩინოს საკუთარი თავი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამდე. „რუიბნი“ არ იყო მზად მისი ზამთარში გაშვებისთვის, მაგრამ ზაფხულში ევროპულ კლუბებთან მის ტრანსფერზე მოლაპარაკებები ღია იქნება. ამიტომ, შესაძლებელია ეს სეზონი ბოლო იყოს რუსეთის პრემიერლიგაში ნიჭიერი ქართველისთვის“, - წერია სტატიაში.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას აქამდე არაერთ გუნდს უკავშირებდნენ. 19 წლის ქართველ შემტევს რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩში 2 გოლი, 2 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი.
ხვიჩა ამჟამად თურქეთშია და სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება, კარგ ფორმაშიცაა - სპარინგებში უკვე მოასწრო 5 გოლის გატანა და ორჯერ დუბლი შეასრულა. კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.