ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ თად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 87:76 დაამარცხა, რის შედეგადაც, ნახევარფინალში გავიდა. კანარიელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და თამაშის ბოლომდე სიტუაციას აკონტროლებდნენ, ამიტომაც, გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვეს.
გიორგი შერმადინმა 23:23 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 18 გამოდგა, რაც ორივე გუნდში მეორე მაჩვენებელი იყო.
„ბურგოსის“ რიგებში მაკფადენმა 26:30 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 9 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. თადმა 4-დან 1 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი მხოლოდ 2-ს გაუტოლდა.
„ტენერიფე“ სამეფო თასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალსა“ და „ვალენსიას“ წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.