ფეხბურთი

17:30 | 11.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

პეპ გვარდიოლა: "შეგვიძლია პრემიერლიგაში აღარ ვითამაშოთ"

ინგლისური „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ თავისი გუნდის წარმატებულ სერიაზე კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტს ირონიული პასუხი გასცა. როგორც ესპანელმა თქვა, „ტოტენჰემისა“ და „ევერტონის" წინააღმდეგ თამაშში აზრს ვერ ხედავს, რადგან პრემიერლიგის ჩემპიონები უკვე არიან.

„ორი-სამი თვის წინ ყველაფრისგან გამოთიშული ვიყავით: არანაირი შანსი არ გვქონდა ჩემპიონობის, ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის, მაგრამ ახლა გვაქვს. ასე რომ, ალბათ, პრემიერლიგაში აღარ უნდა ვითამაშოთ, რადგან უკვე ჩემპიონები ვართ. არ მესმის, რატომ უნდა ვითამაშოთ „ევერტონთან“ და „ტოტენჰემთან“ თუ უკვე ჩემპიონები ვართ?!“, - თქვა ირონიულად გვარდიოლამ.

შემდეგ პეპი სერიოზულ პასუხზეც გადავიდა და დასძინა: „არაფერია მარადიული და არაფერია იდეალური. მხოლოდ ის, რომ წარსულში გავიმარჯვეთ, არ ნიშნავს, რომ მომავალში მოვიგებთ. მომდევნო თამაშზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ჩემს კარიერაში რომელ გუნდებშიც მიმუშავია, ყოველთვის ასე ვფიქრობდი და ახლაც არ არის გამონაკლისი“.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ ყველა ტურნირზე ზედიზედ 15 მატჩი აქვს მოგებული, პრემიერლიგას კი 5-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო მატჩს „სიტი“ 13 თებერვალს, შინ „ტოტენჰემ ჰოტსპურთან“ გამართავს.

0.121734