ჩოგბურთი

21:45 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ღია პირველობა - ჯოკოვიჩს მძიმე ბრძოლა გადაიტანა, თიმმა იოლად მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობაზე 10 თებერვალს მეორე წრის მატჩების ნაწილი ჩატარდა და ფაქტობრივად სენსაცია არ დაფიქსირებულა. მსოფლიო რეიტინგის ათეულის წევრებმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებენ.

ნომერ პირველ ნომერს, ნოვაკ ჯოკოვიჩს ფრენსის ტიაფოსთან შეხვედრაში საკმაოდ გაუჭირდა და მძიმე ბრძოლაში 6:3, 6:7, 7:6, 6:3 გაიმარჯვა. ამერიკელმა ჩოგბურთელმა მეორე სეტი ტაი ბრეიკზე მოიგო, ხოლო მესამე უკუბრეიკით ანგარიში გაათანაბრა და საბოლოოდ ტაი ბრეიკამდე მიიყვანა საქმე, სადაც ნოვაკმა გამოცდილებით აჯობა.

საბოლოო ჯამში სერბს გაუჭირდა, თუმცა ლიდერობა დაამტკიცა და მესამე წრეში გავიდა. განვლილ შეხვედრაში ნოვაკმა 26 ეისი შეასრულა, ხოლო ტიაფომ - 23. ორმაგ შეცდომებში ფრენსისი "ლიდერობდა" (8-6). ამერიკელს 49 ვინერსი ჰქნდა, ხოლო სერბმა მასზე შვიდით მეტი ვინერსი შეასრულა. უნებლიე შეცდომები კი ტიაფოს ნოვაკზე ხუთით მეტი დაუშვა (42-37). შემდეგ წრეში ნოვაკი ტეილორ ფრიცს შეხვდება, რომელმაც რეილი ოპელკა მძიმე ბრძოლაში 4:6, 7:6, 6:7, 7:6, 6:2 დაამარცხა.

ტურნირს გამოეთიშა მე-17 ნომერი სტან ვავრინკა, რომელიც მარტონ ფუჩოვიჩთან დამარცხდა - 5:7, 1:6, 6:4, 6:2, 6:7. მართალია შვეიცაიელს ეისი და ვინერსი (9-2, 49-34) უნგრელზე მეტი ჰქონდა, თუმცა უნებლიე შეცდომა 27-ით მეტი დაუშვა და ამის გამო წააგო. უნგრელი მესამე წრეში მილოშ რაონიჩს შეხვდება, რომელმაც კორანტენ მუტე პირველი სეტის ჩაგდების შემდეგ იოლად დაამარცხა - 6:7, 6:1, 6:1, 6:4.

ტურნირის მეექვსე ნომერმა ალექსანდრ ზვერევმა მაქსიმე კრესი 7:5, 6:4, 6:3 დაამარცხა. გერმანელმა ხუთით მეტი ეისი შეასრულა (15-10), ვინერსი ჩოგბურთელებს თითქმის თანაბრად ჰქონდათ შესრულებული (42-36), ხოლო უნებლიე შეცდომები ზვერევმა ფაქტობრივად არ დაუშვა (11-30). შემდეგ ეტაპზე გერმანელი ადრიან მანარინოს შეხვდება - ფრანგმა მიომირ კეჩმანოვიჩს შანსი არ დაუტოვა - 6:1, 6:2, 6:4. მიომირისგან განსხვავებით, კიდევ ერთი სერბი გავიდა მესამე ეტაპზე - დუშან ლაიოვიჩმა ალექსანდრ ბუბლიკს მოუგო და შემდეგ თამაშს პედრო მარტინესთან გამართავს, რომელმაც ემილ რუსუვუორის მოუგო.

მესამე წრის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩს დომინიკ თიმი და ნიკ კირიოსი ჩაატარებენ. მეორე წრეში ავსტრიელმა დომინიკ კიოპფერი 6:4, 6:0, 6:2 დაამარცხა. თიმმმა მეტოქეზე 16-ით მეტი ვინერსი შეასრულ (34-18), ხოლო უნებლიე შეცდომა 17-ით ნაკლები დაუშვა (21-38). კირიოსმა კი უგო უმბე ხუთსეტიან მძიმე მატჩში დაამარცხა - 5:7, 6:4, 3:6, 7:6, 6:4.

მესამე წრის კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა გაიმართება დენის შაპოვალოვსა და ფელიქს ოჟე-ალიასიმეს შორის. იანიკ სინერთან მძიმე გამარჯვების შემდეგ დენისს ბერნარდ ტომიჩთან იოლი გასეირნება ჰქონდა (6:1, 6:3, 6:2), ხოლო ფელიქსი ტურნირზე დამაჯერებლად გამოდის და ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო სეტის წაუგებლად, ამჯერად კანადელმა ჯეიმს დაკვორზი 6:4, 6:1, 6:2 დაამარცხა.

მესამე წრეში ასევე არ უნდა გაუჭირდეს დიეგო შვარცმანს, რომელიც ასლან კარაცევს შეხვდება. რუსმა ბელარუსი ეგორ გერასიმოვი 6:0, 6:1, 6:0 გაანადგურა, ხოლო არგენტინელმა - ალექსანდრ მიულერი (6:2, 6:0, 6:3).

მეორე წრის დარჩენილი შეხვედრების 11 თებერვალს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება. მეორე ნომერი რაფაელ ნადალი მაიკლ მმოს შეხვდება, ხოლო სტეფანოს ციციპასი ტანასი კოკინაკისს.

0.124996