ფეხბურთი

14:18 | 10.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტე-ანიელის დაპირისპირება და ვნებათაღელვა ტურინში (+VIDEO)

იტალიის თასის ნახევარფინალში „იუვენტუსი“ და „ინტერი“ დაუპირისპირდნენ და მოვლენები საინტერესოდ არა მარტო მოედანზე, არამედ მოედნის მიღმაც ვითარდებოდა. „ნერაძურის“ მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე და ტურინელთა პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ყველაფერი კი პირველი ტაიმის ბოლოს კონტეს უხამსმა ჟესტმა განაპირობა. როდესაც ტაიმი დასრულდა და კონტე გასახდელში გაეშურა, სტადიონის გვირაბში შესვლამდე ტრიბუნისკენ შუა თითი გაიშვირა - იტალიურ მედიაში ამტკიცებენ, რომ მან ეს ჟესტი ანდრეა ანიელის, პაველ ნედვედსა და ფაბიო პარატიჩის უჩვენა. ვალში „იუვეს“ ბოსებიც არ დარჩენილან. თამაშის დასრულებისთანავე, როცა გაირკვა, რომ ფინალში „იუვენტუსი“ გავიდა, ანიელიმ კონტეს მიაძახა: „ჩუმად იყავი და თითი ერთ ადგილას გაიკეთე, ***რო“.

თამაშის შემდეგ კონტე მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: „უხამსი ჟესტი? „იუვენტუსის“ წყაროები ამბობენ მთელ სიმართლეს. მეოთხე მსაჯმა დაინახა და მოისმინა ყველაფერი, რაც მთელი თამაის განმავლობაში ხდებოდა. სიმართლე უნდა ვთქვათ და უფრო ზრდილობიანები უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, აქ მომუშავე ადამიანების მიმართ პატივისცემაა საჭირო. არ მომწონს კომენტარის გაკეთება, მაგრამ მასწავლეს, რომ ყველაფერში ზრდილობა და პატივისცემაა საჭირო“.

აღსანიშნავია, რომ ანიელი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც კონტეს დაუპირისპირდა. მატჩის დასაწყისში მას კონფლიქტი ყოფილ შეგირდთან, ლეონარდო ბონუჩისთან მოუვიდა. „ინტერის“ მთავარი მწვრთნელი თამაშის მე-10 წუთზე პენალტის დანიშვნას ითხოვდა და მსაჯებს გაგიჟებული უყვიროდა. თუმცა, უსაფუძვლოდ, თამაშის წესი არ დარღვეულა. სწორედ მაშინ, სათადარიგო სკამიდან ბონუჩიმ კონტეს მიაძახა, რომ მსაჯებისთვის პატივი უნდა ეცა.

შეგახსენებთ, ანტონიო კონტე „იუვენტუსს“ 2011-2014 წლებში წვრთნიდა და გუნდი სწორედ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა. ანიელისა და მას შორის ურთიერთობაც სწორედ მაშინ გაფუჭდა, როდესაც პრესეზონის მზადების ფარგლებში კონტემ გუნდი მიატოვა. აქვე გეტყვით, რომ „იუვენტუსი“ – „ინტერი“ უგოლო ფრით დასრულდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში ტურინელებმა 2:1 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.

0.123317