წელის ტრავმის მიუხედავად, რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობის პირველი წრე იოლად გაიარა. მან სამ სეტში, 6-3 6-4 6-1 დაამარცხა სერბი ლასლო დიერე და პირველი ნაბიჯი გადადგა დიდი სლემის 21-ე ტიტულის მოსაპოვებლად.
არადა ნადალი იმასაც კი ფიქრობდა, რომ შესაძლოა, მელბურნში ვერ ეთამაშა. ყოველ შემთხვევაში, ტრავმამ ATP-ს თასზე გამოსვლის საშუალება არ მისცა. ამის მიუხედავად, ესპანელი ისევ ძველებურად გამოიყურებოდა და მის თამაშს ტრავმის არაფერი ეტყობოდა.
„ძალიან რთული 15 დღე მქონდა. ძალიან მჭირდბოდა დღეს მოგება და მე ეს შევძელი. ჯერაც ტურნირზე ვრჩები და ამ ეტაპზე, მთავარი ესაა“, - განაცხადა ნადალმა, ვისაც ავსტრალიის ღია ერთხელ, 2009 წელს აქვს მოგებული. ის ტურნირზე მეორე ნომრად არის განთესილი.
საინტერესოა, რომ ავსტრალიის ღიაზე მას ხშირად ტრავმა არ აძლევს სრული ძალით თამაშის საშუალებას. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მას ეს ტურნირი მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული. 2009 წელს გამარჯვების გარდა, ესპანელმა კიდევ ოთხჯერ ფინალში ითამაშა, მაგრამ საწადელს ვერ მიღწია.