ფეხბურთი

16:08 | 9.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

რა დაემართა „ლივერპულს“?

კვირას „ლივერპულმა“ შინ „მანჩესტერ სიტისთან“ 1:4 წააგო და არაოფიციალურად დათმო ჩემპიონის ტიტული. ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა კი დიდი ნაბიჯი გადადგა ბოლო ოთხ წელიწადში მესამე ტიტულისკენ.

მართალია, სეზონის ბოლომდე სათამაშო ჯერ ბევრია და იურგენ კლოპის გუნდს თეორიულად კიდევ აქვს შანსი ტიტული დაიცვას, მაგრამ თუ რეალობას გავითვალისწინებთ, პრაქტიკულად ეს შეუძლებელია. როგორც როი კინმა თქვა: თუ ასე გააგრძელეს თამაში, კიდევ 30 წელი დასჭირდებათ მორიგი ჩენპიონობის მოსაგებადო. აქ სარკაზმი ნათელია, შარშან ხომ „წითლებმა“ 30-წლიანი პაუზის შემდეგ იპირველეს.

ისმის კითხვა: ეს 1:4 დროებითი მოვლენაა და ისინი კვლავ იპოვნიან ძალებს და ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ, თუ უფრო სერიოზული კრიზისის დასაწყისია?

მაინც რა არის ასეთი კრიზისის მიზეზი: ხშირი ტრავმები? გადატვირთული კალენდარი? თუ კიდევ სხვა რამ?

ერთი ფაქტია, რომ სეზონის დიდი ნაწილი მათ სამი ძირითადი ცენტრალური მცველის გარეშე ჩაატარეს. ვირჯილ ვან დეიკი, ჯო გომესი და ჟოელ მატიპი დიდი ძალაა მთთვის. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ პოზიციაზე ჯორდან ჰენდერსონსა და ფაბინიოს უწევდათ თამაში, რამაც ნახევარდაცვის ხარისხზეც იმოქმედა.

ისეთი გუნდისთვის, როგორიც „ლივერპულია,“ რომელიც ინტენსიურ პრესინგს მიმართავს, ტრავმები და შეკუმშული კალენდარი დიდ გავლენას ახდენს, განსხვავებით მათგან, ვინც ნაკლებად დინამიკურ ფეხბურთს თამაშობს.

„წითლებს“ ზედიზედ 68 მატჩი აღარ წაეგოთ შინ, ახლა კი მიჯრით სამჯერ დამარცხდნენ „ენფილდზე.“

აბა, წინა სეზონის ბოლოც გავიხსენოთ. კორონავირუსის პანდემიის მიზეზით შეწყვეტილი ტურნირის განახლების შემდეგ, „ლივერპული“ ის „ლივერპული“ აღარ იყო, მაგრამ მანამდე იმდენად დაწინაურებულოყო (მეორე ადგილზე მყოფ „სიტის“ 25 ქულით უსწრებდა), რომ უპრობლემოდ გაიფორმა ჩემპიონობა.

მიმდინარე სეზონში კი პირველი საგანგაშო სიგნალი 4 ოქტომბერს, „ასტონ ვილასთან“ 2:7-ის შემდეგ გაისმა. არადა, იმ მატჩში ვან დეიკიც თამაშობდა სხვა დანარჩენებიც.

აქ უფრო მენტალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ გადაღლილობასთან უნდა გვქონდეს საქმე. ბოლო სამი სეზონი ხომ ერთი ამოსუნთქვით გაიარეს: ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ჩემპიონთა ლიგის მოგება და შემდეგ ინგლისის ჩემპიონობა 30-წლიანი პაუზის კვალად. თანაც როგორ ფეხბურთს თამაშობდნენ - საუკეთესოს მსოფლიოში.

დავუკვირდეთ: ამ წლების განმავლობაში გუნდის ბირთვი არ შეცვლილა, არ გადახალისებულა. ცნობილი პორტალის, the Athletic-ის გამოკვლევით, ტრავმების მიუხედავად, მიმდინარე სეზონში მატჩების 80-მა პროცენტმა შვიდი ფეხბურთელის ზურგზე გადაიარა. მათ ყველაზე ასაკოვანი შემადგენლობა ჰყავთ პრემიერლიგის ისტორიაში. 35 წლის ჯეიმს მილნერზე აღარ ვლაპარაკობთ. ბობი ფირმინო გასულ ოქტომბერს 29 წლის გახდა, ამდენვესი მოიყრებიან აპრილში სადიო მანე, ივნისში კი - მო სალაჰი. ცალ-ცალკე მათი სათამაშო ფორმა ეჭვს არ იწვევს, ერთობლიობაში კი ნამეტანია. მით უმეტეს, რომ ოთხი სეზონია ერთდ თამაშობენ.

სცადეს და გასულ სექტემბერს „ბაიერნიდან“ ტიაგუ სილვა იყიდეს. კრიტიკამაც არ დააყოვნა: თამაშს ანელებს, ტემპს აგდებსო. თუმცა კლოპმა სწორედ ამიტომ აირჩია პორტუგალიელ-ესპანელი, რომ ბურთი დაეჭირა და პარტნიორებს ამოსუნთქვის საშუალება ჰქონოდათ. გამუდმებით გიჟურ ტემპში თამაში ხომ შეუძლებელია. მაგრამ ტიაგუც კარგა ხანს იმყოფებოდა ლაზარეთში.

26 წლის იაპონელი ტაკუმი მინამინო გადაიბირეს „ზალცბურგიდან,“ მაგრამ ვერ მოერგო კლოპის სისტემას და „საუთჰემპტონში“ გაანათხოვრეს.

შესანიშნავად შეეწყო გუნდს 24 წლის ვულვზელი პორტუგალიელი დიოგო ჟოტა, გაახალისა, ახალი სისხლი გადაუსხა გუნდს, მაგრამ ისიც დეკემბრის დასაწყისში დაშავდა და კარგა ხნით გამოაკლდა მერსისაიდელებს.

ანუ: „ლივერპულს“ არ გაუმართლა ტრავმების მხრივ, მაგრამ ამ ეპიდემიამ ნათლად გამოაჩინა შემადგენლობის პრობლემები, რომელიც ახლა თავის პიკშია.

თეგებილივერპული
0.126529