სერენა უილიამსმა ავსტრალიის ღია პირველობა იოლი გამარჯვებით დაიწყო, 6-1 6-1 დაამარცხა გერმანელი ლაურა ზიგემუნდი. დიდი სლემის ტურნირების პირველ წრეში, მას კარიერაში მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს წაგებული. მაგრამ როგორც შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მხრის ტრავმის გამო შიშობდა, რომ მოწოდებაზე გაუჭირდებოდა.
ამგვარად, 39 წლის სერენას დიდი სლემის ტურნირების პირველ წრეებში უკვე 77 მოგება დაუგროვდა. მან მხრის ტრავმის გამო, წინ კვირაში კორტის დატოვებამ მოუწია. ტრავმა ამჯერადაც აწუხებდა - შეხვედრის დასაწყისში, ორმაგი შეცდომა დაუშვა და საკუთარი გეიმი წააგო. თუმცა ამის შემდეგ, მეტოქეს მცირე შანსიც აღარ დაუტოვა და მოწოდებასაც შესანიშნავად ასრულებდა.
„მიხარია, რომ ეს პრობლემა გადავლახე. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მოწოდებაზე კარგად ვითამაშებდი. მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. თავს კარგად ვგრძნობ“, - განაცხადა ამერიკელმა, ვინც დიდი სლემის ტურნირების პირველ წრეში ერთადერთი მარცხი საფრანგეთის 2012 წლის ღია პირველობაზე, ფრანგი ვირჟინი რასანოსგან იგემა. იმ წაგების შემდეგ, სერენა მწვრთნელ პატრიკ მურატოგლუს დაუკავშირდა და ამბობს, რომ იმ წაგებამ მისი კარიერა უკეთესობისკენ წაიყვანა.
„ეს იყო ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი დღე. მაგრამ ამ წაგების შემდეგ, ჩემი კარიერის საუკეთესო დღეები შემძინა. ასე ხდება ხოლმე. არ მგონია, ის ვყოფილიყავი, ვინც ვარ, რომ არა ეს წაგება. ამან ჩემი კარიერა ძირეულად შეცვალა. სიამოვნებით ვიგემებდი მსგავს სიმწარეს, თუ ისევ უკეთესობისკენ წავა საქმე“, - ამბობს უილიამსი.
მურატოგლუს ხელმძღვანელობით, მან ბევრს მიაღწია და ერთი სასლემო ტიტულიღა აკლია ლეგენდარული მარგარეტ კორტის მიღწევამდე - ერთეულებში დიდი სლემის 24 ტიტულამდე. თუ ავსტრალიის ღიას მერვედაც მოიგებს, ის ამ მიღწევას გაიმეორებს.