რაფაელ ნადალმა აღიარა, რომ უკვე 15 დღეა, რაც წელის ტრავმა აწუხებს. ამის გამო, ის დარწმუნებული არ არის, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს შეძლებს.
წელის ტკივილის გამო, ესპანელ ჩოგბურთელს, ATP-ს თასზე თამაშის საშუალება არ მიეცა. მას ATP-ს ფინალის (რომელიც ლონდონში, ნოემბერში ჩატარდა) შემდეგ, არცერთ ტურნირზე არ უთამაშია. ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, ავსტრიელ დომინიკ თიმთან ადელაიდაში საჩვენებელი დაპირისპირება იყო. სწორედ თიმთან შეხვედრისას იგრძნო წელის არეში ყრუ ტკივილი.
„რა თქმა უნდა, კარგი არაა. მართალია, რომ უკვე 15 დღეა, ტკივილი მაქვს. დასაწყისში კუნთი ზედმეტად გადაღლილი მქონდა. მაგრამ ახლა ჩვეულებრივზე მეტად დაძაბული მაქვს“, - ყვება 34 წლის ჩოგბურთელი, ვინც ყოველივეს მიუხედავად, სავარჯიშო კორტზე მაინც გამოდის და ტურნირისთვის, რომელიც ორშაბათს იწყება, მზადებას განაგრძობს.
ნადალი ამბობს, რომ ტრავმა არაა სერიოზული, მაგრამ ჯერ არ იცის, სერბ ლასლო დიერთან პირველი წრის შეხვედრაში, კორტზე გავა, თუ არა: „კუნთი ისევ დაჭიმულია, რაც მოძრაობას მიზღუდავს. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თამაში შევძლო. ექიმები, ფიზიოთერაპევტი ყველაფერს აკეთებენ. ყველა მეხმარება. იმედი მაქვს, რომ მზად ვიქნები. სულ ესაა. ვიცი, რომ ხანდახან რაღაცები სწრაფად იცვლება“.
ნადალი, ვიაც წელის პრობლემები ადრეც ჰქონია, თავის ამჟამინდელ ტრავმას, 14-დღიან კარანტინს და აქედან გამომდინარე, ფიზიკურ მოუმზადებლობას არ აბრალებს: „მიზეზების ძებნის მოყვარული არ ვარ. როცა რამე ხდება, გამოსავალი უნდა მოძებნო“.
საინტერესოა, რომ დიდი სლემის პირველი ტურნირის წინ, ტრავმები სხვა ჩოგბუერთელებსაც აწუხებთ. მათ შორის, სერენა უილიამსს, ნაომი ოსაკას და სოფია კენინს.
ნადალს ავსტრალიის ღია 2009 წელს აქვს მოგებული. მის ანგარიშზე დიდი სლემის 20 ტიტული. ამდნვე აქვს როჯერ ფედერერს, ვინც მელბურნის ტურნირს ტოვებს და თავის სეზონს დოჰაში (ყატარი) დაიწყებს.