ფეხბურთი

2:02 | 7.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

დრამა "ოლდ ტრაფორდზე": "ევერტონმა" "მანჩესტერი" არ გაახარა

ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურის პირველი სათამაშო დღე დრამატულად დასრულდა. „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ევერტონს“ შორის თავიდნავე მაგარი ბრძოლა და თამაში იყო მოსალოდნელი, მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.

ზოგადად, „მანიუ“ ამ თამაშამდე არასტაბილურად მოვიდა: ბოლო სამ ტურში 4 ქულა ჰქონდა მოპოვებული, მაგრამ ამავდროულად უკანასკნელ შეხვედრაში „საუთჰემპტონი“ 9:0 გააცამტვერა. ოლე გუნარ სულშერის გუნდმა კარლო ანჩელოტის „ევერტონთან“ ტაიმი ისე ჩაატარა, 3 ქულა თითქოს ადვილად უნდა მოეპოვებინა.

ედინსონ კავანისა და ბრუნო ფერნანდეშის გოლებით პირველი ნახევარი „იუნაიტედმა“ დამაჯერებლად მოიგო, მაგრამ რად გინდა, 52-ე წუთისთვის ეს უპირატესობა გამქრალი იყო. დუკურემ და ხამეს როდრიგესმა ლივერპულელები თამაშში დააბრუნეს. შემდგომ ისევ „მანიუ“ გააქტიურდა და სკოტ მაკტომინეიმ ანგარიში 3:2 გახადა... ეს დასასრული არ ყოფილა, სტუმრები არ დანებდნენ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე დომინიკ კალვერტ-ლევინმა წონასწორობა კიდევ ერთხელ და ამჯერად, საბოლოოდ აღადგინა.

ამრიგად, დრამატული 3:3 „ოცნებათა თეატრში“ და „მანჩესტერის“ არასტაბილური ფორმა კიდევ ერთხელ დამტკიცდა. „წითელმა ეშმაკებმა“ ბოლო 4 ტურში ოდენ 5 ქულა გამოიმუშავეს და ჯერჯერობით 45 ქულით მეორე პოზიციაზე კი იმყოფებიან, მაგრამ მაშინ, როცა ამ ტურში „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ ერთმანეთს ხვდებიან, ქულა დიდი ვერაფერი ნუგეშია. „ევერტონიც“ იქვეა, მექქვსე პოზიციაზე, მაგრამ ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში ბოლომდეა ჩართული.

შაბათის მატჩებიდან აღსანიშნავი ლონდონის „არსენალის“ წაგებაა, თუ ეს უკვე ვინმეს აკვირვებს. მიკელ არტეტას გუნდმა „ვილა პარკზე“ „ასტონ ვილასგან“ მეორე წუთზე გაუშვა გოლი და მერე ვეღარაფერი შეცვალა.

და ბოლოს, „საუთჰემპტონზეც“ უნდა ვთქვათ, რომელიც წინა ტურში „მანჩესტერთან“ 0:9 შერცხვა და ამჯერად, 9-კაციან „ნიუკასლ იუნაიტედთან“ 2:3 წააგო. „კაჭკაჭებმა“ სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს, როდესაც მოედანზე 11 ფეხბურთელი ჰყავდათ, მაგრამ ჯერ მეორე ტაიმის სტარტზე 10 კაცით დარჩნენ, ბოლო 20 წუთი კი 9 მოთამაშით გაატარეს მინდორზე. ამის მიუხედავად, „საუთჰმეპტონი“ „სენტ ჯეიმს პარკზე“ დამარცხდა და რეაბილიტირება ვერ შეძლო.

კვირას ინგლისის პრემიერლიგაში ყველას ყურადღება მხოლოდ „ენფილდ როუდისკენ“ იქნება მიმართული, სადაც შესაძლოა, „ლივერპულს“ ბოლო შანსი ეძლევა ტიტულის შენარჩუნებაზე რეალური პრეტენზია გამოაცხადოს, რადგან იქ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი და ლიდერი „მანჩესტერ სიტი“ ჩადის. ამ თამაშის ინტრიგას მატჩის წინ იურგენ კლოპსა და პეპ გვარდიოლას შორის გაცვლილი ცინიკური განცხადებებიც ამძაფრებს...

„მანჩესტერი“ – „ევერტონი“ 3:3 (2:0)

გოლები: 1:0 კავანი (24), 2:0 ბრუნო ფერნანდეში (45), 2:1 დუკურე (49), 2:2 ხამესი (52), 3:2 მაკტომინეი (70), 3:3 კალვერტ-ლევინი (90)

„ასტონ ვილა“ – „არსენალი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 უოტკინსი (2)

„ბარნლი“ – „ბრაიტონი“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 დანქი (36), 1:1 გუდმუნდსონი (53)

„ნიუკასლი“ – „საუთჰემპტონი“ 3:2 (3:1)

გოლები: 1:0 უილოკი (16), 2:0 ალმირონი (26), 2:1 მინამინო (30), 3:1 ალმირონი (45), 3:2 უორდ-პრაუსი (48)

„ფულჰემი“ – „ვესტ ჰემი“ 0:0 (0:0)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109897