კალათბურთი

22:32 | 6.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპმა დინამო დრამატულ ფინალში 1 ქულით დაამარცხა

დინამოსა და ოლიმპის დაპირისპირებამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ამ გუნდებს ერთმანეთთან პირადი ანგარიშები აქვთ და თითქმის ყველა მათი მატჩი უაღრესად დაძაბულია, თუმცა დღევანდელი განსაკუთრებული გამოდგა. შეხვედრა 1 ქულის სხვაობით – 84:83 (სტატისტიკა) დასრულდა. გაიმარჯვა დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპმა და ცხრილის შუაში პოზიცია გაიმყარა.

თავისუფლად შეიძლებოდა, ეს მატჩი 1 ქულით დინამოელებს მოეგოთ. მეტიც, ამის დიდი შანსი იყო, თუმცა ფარქვეშ შეჭრილმა ნიკოლოზ დარბაიძემ მატჩის ბოლო წამზე გამარჯვების ბურთი ააცილა. ეს ისეთი მომენტი გახლდათ, მოთამაშეები 10-დან 9-ს რომ აგდებენ, თუმცა ბოლო წამზე, როცა ამ ბურთზე მატჩის ბედი ჰკიდია, ემოციური მუხტი მატულობს და ბურთის ჩაგდებას ნერვების სხვაგვარი სიმტკიცე სჭირდება.

არადა, თითქოს ყველაფერი ოლიმპელთა სასარგებლოდ იყო გადაწყვეტილი. როგავას გუნდი 4 ქულით იგებდა, დასრულებამდე კი ათიოდ წამი იყო. ბოლოსწინა შეტევაში ლაშა მიქელაძემ სამქულიანი ჩააგდო და ცხადია, დროის მოსაგებად, დინამოელებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს. საფინალო სირენამდე 8 წამით ადრე ოლიმპელთა ამერიკელი ლეგიონერი კენდრიკ ტომპსონი საჯარიმოს ხაზზე დადგა, თუმცა ორივე სროლა ააცილა და ფარიდან ასხლეტილი ბურთის მოსაპოვებლად ბრძოლა გაიმართა. საბოლოოდ ბურთი დინამოელებმა მოიხელთეს, თუმცა შესატევად 4 წამზე ნაკლები დარჩათ. მუჰამედ ტაჩის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა მოასწრეს შეტევის განხორციელება, ბურთი პერიმეტრზე დარბაიძემდე მიიტანეს, რომელმაც პოტენციურად გამარჯვების მომტანი გარღვევა განახორციელა, თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ბურთი ფარში ვერ მოათავსა…

ოლიმპში ბომბარდირი გახდა კახა ჯინჭარაძე, რომელმაც 32 ქულა მოაგროვა. 15 ქულითა და 13 მოხსნით ლუკა კალატოზიშვილი გამოირჩა. დონოვან სმიტის ანგარიშზე 10 ქულა დაგროვდა. დინამოში 25 ქულა დააგროვა ტაილერ უილიამსმა. 15 ქულა ლუკა ბულაშვილმა, ხოლო 14 ქულა და 11 მოხსნა ალონზო უოკერმა მიითვალეს.

სუპერლიგის მორიგი მატჩები კვირას, 7 თებერვალს თბილისსა და ქუთაისში გაიმართება.

GBF.GE

0.11662