ფეხბურთი

23:30 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "საუთჰემპტონთან" მატჩი დავივიწყეთ, ახლა "ევერტონთან" შეხვედრაზე ვართ ფოკუსირებულები"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს ულე გუნარ სულშერმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა საშინაო მატჩების სტატისტიკა უნდა გამოასწოროს. "წითელმა ეშმაკებმა" "შეფილდ იუნაიტედთან" "ოლდ ტრაფორდზე" 1:2 წააგო, ხოლო რამდენიმე დღეში "საუთჰემპტონი" სტუმრად 9:0 გაანადგურა. ნორვეგიელს უნდა, რომ მისმა გუნდმა საგარეო მატჩების მსგავსად შინაც დამაჯერებლად ითამაშოს და "ევერტონთან" მომავალ შეხვედრაში წარმატებას მიაღწიოს.

მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგაში შინ 11 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ხუთი მოიგო და ოთხი წააგო. საშინაო მატჩებს რაც შეეხება, სულშერის გუნდს 11 შეხვედრიდან რვა მოგება და სამი ფრე აქვს და წაუგებლად ასპარეზობს.

"სტაბილური თამაში, რომელსაც საგარეო მატჩებში ვაჩვენებთ, რა თქმა უნდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. "შეფილდ იუნაიტედთან" მწარე მარცხის შემდეგ მალევე მოვეგეთ გონს და ახლა ვგრძნობთ, რომ მზად ვართ შედეგის მისაღწევად. ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება, რადგან ყოველ სამ ან ოთხ დღეში ვთამაშობთ, მაგრამ თუ შევძლებთ სტაბილურ თამაშს, მორალურად გავძლიერდებით და თავდაჯერებულები ვიქნებით, ვინ იცის, იქნება და წარმატებას მივაღწიოთ." - განაცხადა პრესკონფერენციაზე სულშერმა.

მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "წმინდანები" სარეკორდი ანგარიშით დაამარცხეს, სულშერი აღნიშნავს, რომ გუნდმა მალევე დაივიწყა ეს თამაში და ფოკუსირებულია მომავალ შეხვედრაზე.

"არ ვფიქრობ, რომ ვინმე ამაღლებულ განწყობაზე იყო, რადგან 10 კაცს ვეთამაშებოდით თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში და ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მეტოქეზე. როდესაც ორი ბურთით დავწინაურდით თამაში ფაქტობრივად მორჩენილი იყო და შემდეგ უკვე ყველაფერი ზუსტად შევასრულეთ. ამის შემდეგ ეს თამაში აღარ გვიხსენებია და მთლიანად "ევერტონთან" შეხვედრაზე ვფოკუსირდით."

"ევერტონთან" შეხვედრა სულშერისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში საიუბილეო მე-100 იქნება. ნორვგიელმა კარიერა 2014 წელს კარდიფში დაასრულა და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ ფეხბურთი უფრო სწრაფი გახდა.

"ახლა უფრო გამოცდილი ვარ და რასაც დავაკვირდი ისაა, რომ ფეხბურთი ახლა უფრო სწრაფია და გიწევს თამაშის ტემპს აყვე. განსხვავება ახლა ისაა, რომ ფეხბურთელები ბურთის შენარჩუნებას უფრო ცდილობენ და უფრო ტაქტიკურად თამაშობენ."

"ევერტონთან" მატჩში შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს ედინსონ კავანიმ, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" სამშაბათს პირველად გაიტანა, თუმცა ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია. ნორვეგიელმა აღნიშნა, რომ ერიკ ბაის მონაწილეობა ეჭვქვეშაა.

"ევერტონთან" შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" 6 თებერვალს გვიან ღამით დაიწყება. ამჟამად "წითელი ეშმაკები" მეორე ადგილზე 44 ქულით არიან, ხოლო კარლო ანჩელოტის გუნდი მეშვიდე პოზიციაზე 36 ქულით იმყოფება.

0.160612