ფეხბურთი

14:55 | 5.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონიდ სლუცკი: "ხვიჩას წასვლაში ხელს არ შევუშლი, დათვი ჩიტის ზომა გალიაში არ უნდა იყოს"
"ხვიჩა ახალგაზრდა ედენ აზარს ჰგავს, რომელიც "ლილში" თამაშობდა და მაშინ გამაოცა"

ყაზანის "რუბინი" ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება, მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ კი რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დეტალურად და ძალზე პოზიტიურად ისაუბრა. 49 წლის რუსი სპეციალისტის განცხადებით, ხვიჩა იმ ედენ აზარს აგონებს, რომელიც ფრანგულ "ლილში" თამაშობდა.

სლუცკის განცხადებით, ის კვარაცხელიას "რუბინიდან" ევროპაში წასვლაში ხელს არ შეუშლია, რადგან დათვი ჩიტის ზომა გალიაში რომ მოათავსო, თავს არაკომფორტულად იგრძნობს. თუმცა, ამ ეტაპზე ლეონიდი მიიჩნევს, რომ ხვიჩა ტოპგუნდების დონეზე შეიძლება მზად არ იყოს და დაახლოებით, ლევერკუზენის "ბაიერის" დონეზე იმყოფება.

- „რუბინში“ პირველი ვარჯიშის დასრულების შემდეგ ჩემს თავს ვუთხარი: „არ ვიცი, გავარდებით თუ არა, მაგრამ აქ ამაოდ ნამდვილად არ ვარ, რადგან აქ არის ხვიჩა კვარაცხელია“. შემდეგ ეს აზრი თავში მხოლოდ გამიძლიერდა. რა განსხვავებაა მასსა და სხვებს შორის? ჩემთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელთან შეხვედრა, რომელსაც ლიმიტი, ზედა ზღვარი არ გააჩნია. მოთამაშეთა 95%-ს, რომელთანაც მიმუშავია, გარკვეული სახის შეზღუდვა ჰქონდა - მენტალიტეტი, სისწრაფე, ტექნიკური კომპონენტი, მონაცემები, ფიზიკური ძალა. ხვიჩას ასეთი ზედა ზღვარი არ აქვს.

- ვის ჰგავს ხვიჩა კვარაცხელია ვისთანაც გიმუშავიათ ან გინახავთ?

- ედენ აზარს. მას არ ვავარჯიშებდი, მაგრამ მახსოვს, ცსკა-ში ყოფნის დროს „ლილის“ წინააღმდეგ ვითამაშეთ და ახალგაზრდა აზარმა გამაოცა.

- შეძლებთ ხვიჩას შენარჩუნებას შემდეგ სეზონში?

- არ ვიცი. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

- ის მზად არის ევროპაში სათამაშოდ?

- შეიძლება არ არის მზად ტოპკლუბებისთვის, მაგრამ ნამდვილად არის მზად საშუალო დონის გუნდებისთვის. იმ გუნდებისთვის, რომლებიც როგორც წესი სატურნირო ცხრილში მეოთხე-მეშვიდე ადგილებს იკავებენ.

- მზად არის „დორტმუნდისთვის“?

- დორტმუნდის „ბორუსია“ ტოპებთან უფრო ახლოსაა, მაგრამ ხვიჩა ნამდვილად მზად არის მაგალითად, ლევერკუზენის „ბაიერისთვის“. მას სჭირდება შუალედური ნაბიჯი თავდაჯერებისთვის. მისი ასაკიდან გამომდინარე, ამაში საგანგაშო არაფერია.

- კვარაცხელია - ბუნებრივი ტალანტია თუ აღზრდის ნაყოფი?

- ვისაც დიდ ტალანტთან ოდესმე შეხებია ჰქონია, დარწმუნებულია, რომ სწორედ მან მოახდინა მასზე გავლენა. ადამიანებს შეუძლიათ იფიქრონ ის, რაც მოსწონთ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის გენეტიკა და ცხოვრებისადმი სწორი დამოკიდებულება, რაც ვფიქრობ, უფრო გენეტიკურია, ვიდრე შეძენილი. რა თქმა უნდა, ბავშვობაში ხვიჩას ფეხბურთის სიყვარულს უნერგავდნენ, ამუშავებდნენ, ავარჯიშებდნენ, მაგრამ სინამდვილეში მას უბრალოდ ფეხბურთი უყვარს.

- ქართული ფესვები გავლენას ახდენს? ყველას გვახსოვს ამ ქვეყნიდან წარსულში ბრწყინვალე ფეხბურთელები...

- ვფიქრობ, დიახ. როდესაც ვსაუბრობთ სამხრეთკავკასიელ ფეხბურთელებზე, პირველი ასოციაცია არის არასტანდარტული და სანახაობრივი დრიბლინგი. ამით აფასებდნენ. რა თქმა უნდა, მისმა ეროვნებამ გარკვეული როლი ითამაშა, რომ ამ სტილის ფეხბურთელია.

- საქართველოდან უამრავი ფეხბურთელია, რომელთაც დრიბლინგი კარგად ეხერხებათ. რატომ?

- ეს მხოლოდ ტექნიკურად რთული ხრიკია. განსაკუთრებით სწრაფი დრიბლინგი ზოგადად, ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნიკური, ტაქტიკური და კოორდინაციული ელემენტია ფეხბურთში. ამას ნიჭი სჭირდება. მაგრამ აშკარაა, რომ თუ ნიჭიერ მოთამაშეს მოვთხოვთ, რომ ბურთი არ დაკარგოს, მან შეიძლება დრიბლინგის კეთებას თავი დაანებოს. როდესაც „რუბინში“ მოვედი, გამიკვირდა, რომ კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობის წევრი არ იყო, ამ დროს პრემიერლიგაში ყველაზე ნიჭიერი მოთამაშე გახლდათ. მე არავის განვსჯი, ხვიჩა პირველია ჩემპიონატში დრიბლინგებით, მაგრამ ამავე დროს ბურთის დაკარგვაშიც. მახსოვს, როგორ უყვიროდნენ თანაგუნდელები ვარჯიშზე: „კვარა, ბურთი ისევ დაკარგე. რატომ უნდა გსდიოთ ყოველთვის უკან და გაზღვიოთ“?

- რატომ ანდეთ ძირითად შემადგენლობაში ადგილი?

- ჩემს საქმეს ასე ვუყურებ: მომეცა საშუალება ზეციდან ნიჭით ბოძებულ ადამინებთან მემუშავა და ვინ ვარ მე ეს ნიჭი რომ დავასაფლავო? ვფიქრობ, რომ ჩემი მისიაა ამ ნიჭს მაქსიმალურად დავეხმარო განვითარებაში. დახმარება ნიჭიერ ადამიანს სჭირდება, უნიჭო თავისთავად გაიკვლევს გზას. ეს ჩემი პროფესიის მთავარი ნაწილია.

- ის ძალიან ახალგაზრდა ბიჭია და უკვე გაძლიერებული ყურადღების ქვეშაა მოქცეული. ვარსკვლავური სენი ხომ არ შეიპყრობს?

- გარანტიას ვერ მოგცემთ, რადგან ეს არაპროგნოზირებადია და ადამიანები, რომლებშიც დარწმუნებული ვყოფილვარ, სხვანაირად იქცეოდნენ. მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ხვიჩა მაქსიმალურად განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელიც შეიძლება ამ გავლენის ქვეშ მოექცეს. მას არ გააჩნია ვარსკლავური სენის საწყისი წინაპირობები. თუმცა, საბოლოო დიაგნოზის დასმა არ შემიძლია.

- თქვენ, როგორც მწვრთნელი ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ ხვიჩა დაარწმუნოთ „რუბინში“ კიდევ ერთი სეზონი დარჩეს?

- არა, არავითარ შემთხვევაში. ვოლიერის ზომები უნდა შეესაბამებოდეს მასში მყოფი ცხოველების ზომებს. დათვს ჩიტის გალიაში თუ ჩასვამთ. არაკომფორტულად იქნება. ამიტომ, თუ ყველა დაინახავს, რომ ის ჩვენთვის გადაიზარდა და შემდეგი ნაბიჯი სჭირდება, მაშინ მე ხელს არ შევუშლი.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, ხოლო მიმდინარე სეზონში 16 მატჩში თავი 2 გოლით, 2 საგოლე პასით და 3 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. მას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. საგულისხმოა ისიც, რომ ხვიჩამ "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში ფეხი მას შემდეგ მოიკიდა, რაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლეონიდ სლუცკი დაინიშნა და რუსი სპეციალისტის დამსახურება 19 წლის ქართველი შემტევის პროგრესში ნამდვილადაა.

0.113905