მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი ATP-ს თასზე მოთამაშე ესპანეთის გუნდს გამოაკლდა. მიზეზი წელის არეში არსებული ტკივილია. მას ავსტრალიელ ალექს დე მინორთან უნდა ეთამაშა, მაგრამ კორტზე გასვლამდე საათით ადრე, თამაშზე უარი განაცხადა.
„მოგესალმებით ყველას. ესპანეთის გუნდთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ დღეს არ ვითამაშო, რადგან წელის არეში ტკივილი ვიგრძენი. იმედ მაქვს, რომ ხუთშაბათს უკეთ ვიქნები და თამაშსაც შევძლებ“, - საკუთარ ტვიტერზე წერს ნადალი.
ესპანეთის გუნდმა ATP-ს შარშანდელი თასის ფინალში წააგო. მიმდინარე ტურნირის მეორე ტურში, ესპანეთის მეტოქე საბერძნეთია. ნდალს იმედ აქვს, რომ კორტზე გასვლის შანსი მიეცემა. ავსტრალიის ღია პირველობა მალე დაიწყება და ჩოგბურთელებს სათამაშო გამოცდილების დაგროვება სჭირდებათ. შესაბამისად, ყოველ შეხვედრას მათთვის ერთგვარი მოთელვის მნიშვნელობა აქვს.
ავსტრალიაში ჩასვლის და 14-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ნადალმა საჩვენებელი შეხვედრა გამართა მსოფლიოს მესამე ჩოგანთან, ავსტრიელ დომინიკ თიმთან და ის 7-5 6-4 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ 34 წლის ნადალმა შარშან საფრანგეთის ღია პირველობა მეცხრედ მოიგო და თავის კარიერაში, დიდი სლემის მეოცე ტიტული მოიპოვა. ამ მაჩვენებლით ის როჯერ ფედერერს გაუტოლდა, ვინც ავსტრალიის ღიას გამოტოვებს.
დიდი სლემის პირველი ტურნირი მელბურნში 8-21 თებერვალს გაიმართება.