ავსტრალიის ქალაქ მელბურნში პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის თასის გათამაშება მიმდინარეობს და ორი დღის შემდეგ ორი ნახევარფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია.
იტალიის ეროვნულმა გუნდმა C ჯგუფში ავსტრიის და საფრანგეთის ნაკრებებს მოუგო და პირველი ადგილი გაინაღდა. ტურნირი ავსტრიის და იტალიის მეორე ნომრების დაპირისპირებით დაიწყო და მოულოდნელად დენის ნოვაკმა ფაბიო ფონინის 6:3, 6:2 მოუგო. პირველი ნომერების დაპირისპირებაში კი მატეო ბერეტინიმ დომინიკ თიმი 6:2, 6:4 დაამარცხა და ანგარიში გათანარდა. გადამწყვეტ წყვილთა (ნოვაკი/თიმი - ბერეტინი/ფონინი) შორის დაპირისპირებაში იტალიელებმა იმარჯვეს (6:1, 6:4) და პირველი გამარჯვება მოიპოვეს. დღეს კი გამთენიისას, ბერეტინიმ გაელ მონფისს 6:4, 6:2 სძლია, ხოლო ფონინმა ბენუა პერს მოუგო 6:1, 7:6. წყვილებში პრესტიჟის მატჩი მოიგო საფრანგეთმა და შეეცდება 5 თებერვალს ავსტრიის დამარცხებით ჯგუფში მეორე ადგილზე მაინც გავიდეს.
2 თებერვალს რუსეთის ნაკრების ლიდერებმა დანილ მედვედევმა და ანდრეი რუბლიოვმა დიეგო შვარცმანი (7:5, 6:3) და გვიდო პელია (6:1, 6:2) დაამარცხეს და პირველი გამარჯვება მოუტანეს ნაკრებს. ამავე დღეს, წყვილებში არგენტინამ პრესტიჟის მატჩი მოიგო და საბოლოოდ 1:2 დამარცხდა. რუსეთს ერთადერთი სეროზული მეტოქე არგენტინა ყავდა და ამ გამარჯვებით ფაქტობრივად გაინაღდა ნახევარფინალის საგზური, რადგან მეორე დღეს, იაპონია მოლოდინისამებრ დაამარცხა - მედვედევმა კეი ნიშიკორის 6:2, 6:4 სძლია, ხოლო რუბლიოვმა იოშიჰიტო ნიშიოკა არ დაინდო - 6:1, 6:3. ამრიგად, 5 თებერვალს არგენტინა და იაპონია მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ.
გადამწყვეტი მატჩები გაიმართება სერბეთსა და გერმანიას შორის და კიდევ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი. სერბეთს და გერმანიას ნოვაკ ჯოკოვიჩი და ალექსანდრ ზვერევი ლიდერობენ. ბალკანალებმა მძიმე გამარჯვება მოიპოვეს კანადელებთან - ჯოკოვიჩმა დენის შაპოვალოვს 7:5, 7:5 მოუგო, ხოლო მილოშ რაონიჩმა დუშან ლაიოვიჩი 6:3, 6:4 დაამარცხა. წყვილთა შეხვედრაში ჯოკოვიჩი კრაინოვიჩთან ერთად თამაშობდა და აღნიშნულმა წყვილმა რაონიჩის და შაპოვალოვის დუეტს 7:5, 7:6 მოუგო და ჯგუფში გალიდერდა.
A ჯგუფის მეორე მატჩი დღეს გაიმართა, სადაც იან-ლენარდ შტრუფმა გერმანია დააწინაურა რაონიჩთან გამარჯვებით - 7:6, 7:6. პირველი ნომრების დაპირისპირებაში კი დენისი შეეცადა ანგარიში გაეთანაბრებინა და პირველი სეტი ალექსანდრ ზვერევს 7:6 მოუგო, თუმცა შემდეგ ზედიზედ ორ სეტში 3:6, 6:7 დამარცხდა და კანადა გახდა პირველი ნაკრები რომელმაც ორივე დაპირისპირება დათმო.
A ჯგუფის გამარჯვებული 5 თებერვალს გახდება ცნობილი. შტრუფი ლაიოვიჩს შეხვდება, ხოლო ჯოკოვიჩი ზვერევს დაუპირისპირდება. გამარჯვებული ნაკრები პირველ ადგილს და ნახევარფინალის საგზურს გაიფრმებს, სადაც რუსეთს დაუპირისპირდება.
ესპანეთმა პირველივე სათამაშო დღეს რაფაელ ნადალი მცირე ტრავმის გამო მოისაკლისა, თუმცა ავსტრალია 3:0 მოუგო. პაბლო კარენო ბუსტამ ჯონ მილმანი 6:2, 6:4 დაამარცხა და ავსტრალია ალექს დე მინორის იმედად დარჩა, თუმცა ამ უკანასკნელმა რობერტო ბაუტისტა აგუტს მხოლოდ პირველ სეტში გაუწია წინააღმდეგობა - 6:4, 4:6, 4:6. წყვილებში კი ავსტრალიამ საჭირო გამარჯვება მაინც ვერ მოიპოვა. 3 თებერვალს ასპარეზობაში ჩაერთო სტეფანოს ციციპასი, რომელიც საბერძნეთს ლიდერობს. მილმანმა ბერძენთა მეორე ნომერს მიხაილ პერვოლარაკისი 6:2, 6:3 დაამარცხა და სტეფანოსმა დე მინორის ძლევით (6:3, 7:5) ანგარიში გაათანაბრა. წყვილთა დაპირისპირებაში კი მიხაილი და ციციპასი ჯონ პიირსთან და ლუკ სავილესთან დამარცხდნენ (3:6, 6:4, 5:10).
B ჯგუფის გამარჯვებული 5 თებერვალს გაირკვევა. საბერძნეთს შანსი დარჩა პირველ ადგილზე გასვლის, თუმცა ამ შემთხვევაში ესპანეთი სამივე შეხვედრაში უნდა დაამარცხოს. აღსანიშნავია, რომ რაფაელ ნადალი საბერძნეთთან დაბრუნებას აპირებს. აღნიშნულ წყვილში საუკეთესო ნახევარფინალში გავა, სადაც იტალიას შეხვდება.