საფეხბურთო კლუბ “საბურთალო”-ში სტუმრად კვიპროსის აელ-ის აკადემიის სპორტული დირექტორი, ხრისტოს პანდელი იმყოფება. სტუმარი, რომელიც ჩვენს დედაქალაქში სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა, “საბურთალოს” ფეხბურთელებს დააკვირდება. პანდელი ასევე დაესწრება 19 წლამდე ფეხბურთელთა ელიტ რაუნდის შესარჩევ ციკლს, რომელიც თბილისში ჩატარდება. მან “საბურთალოს” ოფიციალურ ვებგვერდს ინტერვიუ მისცა.
ხრისტოს პანდელი: “უკვე კარგა ხანია, რაც საფეხბურთო სკაუტი ვარ. თუ რომელიმე მათგანმა დამაინტერესა და ჩემს გემოვნებაში ჩაჯდა, შემიძლია რეკომენდაცია გავუწიო კვიპროსის "აელ"-ში. ამ ვიზიტით, მინდა უშუალოდ დავაკვირდე "საბურთალოს" ფეხბურთელებს, რათა გარკვეული ინფორმაცია და შთაბეჭდილება შევიქმნა. იმედი მაქვს, მხარეებს შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდება.
- რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც “საბურთალო”?
- რამდენიმე კვირის წინ ამ კლუბის ხელმძღვანელები კვიპროსში იყვნენ ჩამოსულები, იქ გავიცანით ერთმანეთი. ძალიან დამაინტერესა, ვიცი, რომ თქვენი ჭაბუკი ფეხბურთელები სხვა და სხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ. როგორც მაქვს ინფორმაცია, “საბურთალოს” ფეხბურთელები ასპარეზობენ 17, 19, 21 წლამდელთა ნაკრებებში. ეს პატარა ამბავი არ არის, როდესაც ყველა ასაკობრივ ნაკრებში კლუბს რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს. ამ ყოველივეს კარგი ანალიზის გაკეთება უნდა.
- მონახაზი ხომ არ გაქვთ, რომელ ფეხბურთელებზე გსურთ დაკვირვება?
- ამ ეტაპზე ფეხბურთელების გვარებს ვერ დაგისახელებთ, სულ რამდენიმე საათია, რაც ჩამოვედი. კლუბის ხელმძღვანელებთან მცირე გასაუბრება გვქონდა. ახლა “საბურთალოს” აკადემიის დირექტორს ანდრეს კარასკოს დაველაპარაკები. მისგან მოვისმენ სიახლეებს და გარკვეულ შთაბეჭდილებას შევიქმნი. კარასკოს ევროპული სკოლა აქვს გავლილი, ჩვენი აზრები ემთხვევა ერთმანეთს.
- 19-წლამდელების მატჩებს ბუნებრივია დაესწრებით, სადაც ქართველებთან ერთად, კვიპროსელი, ჩერნოგორიელი და რუმინელები ფეხბურთელები ითამაშებენ...
- აუცილებლად... უშუალოდ მინდა ბიჭები საქმეში ვნახო, სწორედ ასეთი დონის მატჩებით უნდა შეფასდეს ფეხბურთელი. ვნახოთ, მოახლოებულ შეხვედრებში გამოჩნდება ყველაფერი.
- რახან 19-წლამდელთა ნაკრებებზე ვსაუბრობთ, იქნებ ისიც გვითხრათ, ვის უფრო მეტი შანსი აქვს ჯგუფური ბარიერის დაძლევის?
- წინასწარ რთულია რაიმის თქმა, მაგრამ სავარაუდოდ კვიპროსის ნაკრებს პირველ ადგილზე გასვლა გაუჭირდება. მგონია, რომ პირველობისთვის საქართველო და ჩერნოგორია იბრძოლებენ.
- უშუალოდ ქართულ ფეხბურთზე რა გსმენიათ?
- მარტო ქეცბაიას გვარის ხსენება კმარა... თემური ძალიან დიდი ფეხბურთელი და მწვრთნელია, კვიპროსში დიდ პატივს სცემენ. ამ ყოველივეს გადმოცემა რთულია, ეს ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ნახო, თუ როგორ აფასებენ და ხელის გულზე ატარებენ ქართველს.
- თავად როგორი სტილის ფეხბურთის მიმდევარი ხართ?
- ძირითადად, ჰოლანდიის კლუბებში მაქვს ნამუშევარი – “ბრედა”, “ტილბურგი”, “ვალვაიკი”. სადაც კი მიმუშავია, ყოველთვის აქცენტს შეტევაზე და სანახაობრივ ფეხბურთზე ვაკეთებ. ჩემი სასურველი სქემა 4-3-3 განლაგებაა.