ფეხბურთი

1:10 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავთანდილ ასათიანი: "დარწმუნებული ვარ, მეორე ადგილზე გასვლა შეგვიძლია"

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა თბილისში რუსეთთან 0:4 წააგო. მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა კომენტარი გააკეთა.

ქართველმა სპეციალისტმა პირველ რიგში გულშემატკივარს ბოდიში მოუხადა და შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოს მეორე ადგილისთვის ბრძოლა შეუძლია და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„პირველ რიგში ბოდიშს ვუხდი გულშემატკივრებს ასეთი ანგარიშის გამო. ყველას ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს შეცდომები გამოვასწოროთ და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. აქამდეც ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, რომ საქმე გვქონდა ძალიან მაღალი კლასის გუნდთან და ეს გამოჩნდა კიდეც. ფუტსალში ძალიან რთულია მსგავსი მაღალი დონის მეტოქესთან თამაში, თუმცა ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ.

მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. მომდევნო ორი თამაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯგუფიდან ორი გუნდი გადის და 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მეორე ადგილისთვის ბრძოლა შეგვიძლია“, - თქვა ასათიანმა.

საქართველოს ნაკრებს მეორე შესარჩევ ეტაპზე ორი ტურის თავზე 1 ქულა აქვს (პირველ ტურში საფრანგეთთან 4:4), ხოლო მომდევნო ორი მატჩს 5 და 9 მარტს სომხეთის ნაკრებთან ჯერ თბილისში და შემდეგ სტუმრად გამართავს.

ცნობისთვის, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ნიდერლანდებში 9 იანვრიდან 6 თებერვლამდე ჩატარდება. მასპინძელს ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე მოპოვებული აქვს. ნიდერლანდების გარდა, შესარჩევი ციკლის 8 ჯგუფის გამარჯვებულები და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე გავა, ბოლო მე-16 მონაწილის ვინაობა კი უარეს ორ მეორეადგილოსანს შორის ორრაუნდიანი პლეი-ოფით გაირკვევა.

0.12152