ჩოგბურთი

0:10 | 3.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი სეზონს დოჰაში დაიწყებს

როჯერ ფედერერმა გამოაცხადა, რომ მისთვის ახალი სეზონი დოჰას (ყატარი) ტურნირით დაიწყება. შვეიცარიელ სუპერ ჩოგბურთელს უკვე 13 თვეა, არ უთამაშია. და მისი ბევრი ფანი უკვე შიშობდა, რომ მას კორტზე ვეღარ იხილავდა. მაგრამ ფედერერი უბრალოდ კი არ ბრუნდება, არამედ პირველი ოლიმპიური ოქროს და უიმბლდონის მეცხრე ტიტულის მოპოვებას აპირებს.

„მე ისევ მინდა დიდი გამარჯვებების აღნიშვნა. და ამისთვის მზად ვარ, გრძელი გზა გავიარო. ჩოგბურთის თამაში ჩემი ცხოვრების ნაწილია. ბოლო თვეებში რეაბილიტაციის ხანგრძლივი პროცესის გავლამ მომიწია“, - ამბობს ფედერერი, ვისაც დოჰას ტურნირი სამჯერ აქვს მოგებული. თუმცა 2012 წლის შემდეგ იქ არ უთამაშია. ის ამბობს, რომ მომცრო ტურნირზე დაბრუნება იმის გამო არჩია, რომ ნაკლები სტრესის ქვეშ ითამაშოს.

დოჰას შემდეგ ფედერერი თიხნარის ტურნირებზე ითამაშებს, რაც მის მდგომრეობაში გასაკვირია - თიხაზე თამაშისას დატვირთვა მეტია და დიდი ხნის უთამაშებელს, ტრავმის მეტი რისკი ექნება. ის ამბობს, რომ თუ იგრძნობს, რომ დატვირთვა მეტისმეტია, ვარჯიშს დაუბრუნდება და ჰალეს, უიმბლოდონსა და ოლიმპიადაზე თამაშისთვის მოემზადება.

ფედრერი ყვება, რომ სურს, თავისი ოჯახის წევრებთან მეტი დრო გაატაროს ხოლმე. ის აცნობიერებს, რომ მალე სპორტიდან წასვლა მოუწევს. მაგრამ შვილებთან ერთად, თხილამურებით სრიალს, მთაში სიარულს, ჰოკეის და კალათბურთის თამაშს აპირებს. ის აღიარებს, რომ სანამ მკურნალობდა, ჩოგბურთის ტელეეკრანიდან ცქერას მიეჩვია, რასაც ადრე არ აკეთებდა. იმავდროულად, ოჯახთან ერთად დროს ატარებდა, თავის ოთხ შვილს მეტ ყურადღებას უთმობდა და იმაზე ზრუნავდა, რომ მათ არსად დაეგვიანათ. და რა თქმა უნდა, ოჯახის მძღოლის როლიც შეითავსა...

0.11689