ფეხბურთი

3:06 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: "ეს ჩემი საქმე არ არის და მე არავინ მკითხავს"

ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ „კარმიოტისასთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კმაყოფილია. ქართველი სპეციალისტი თორნიკე ოქრიაშვილის მდგომარეობას და კვიპროსის ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებასაც შეეხო.

„გამარჯვბას ჩვენი გუნდის ექიმ სერგიუს ვუძღვნი, რომელიც ცოტა ხნის წინ წავიდა და „ანორთოსისთვის“ ის დიდი დანაკარგია. გუნდს 30 წელი ემსახურა და კვიპროსში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ვიცნობდი.

თამაშს რაც შეეხება, ძალიან ბედნიერი და ყველაფრით კმაყოფილი ვარ. სამი ქულა ავიღეთ და წინ ვიყურებით, მთავარი გამარჯვება იყო. ტრანსფერების საკითხი დახურულია და ამ თემაზე აღარ ვისაუბრებ.

ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდაზე პასუხისმგებელ პირებს დაუსვით შეკითხვა, მე ასეთი არ ვარ. ეს არ არის ჩემი საქმე და მეარავინ მკითხავს, ჩემი აზრი არავის აინტერესებს. ოქრიაშვილი? იმედი მაქვს, რომ მალე მზად იქნება. ვარჯიშობს, მაგრამ მომდევნო შეხვედრაში მზად იქნება თუ არა, არ ვიცი“, - აღნიშნა ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, „კარმიოტისასთან“ გიორგი ქვილითაიამ გოლი გაიტანა (სეზონში მე-12), ხოლო მურთაზ დაუშვილმა საგოლე პასი შეასრულა. თემურ ქეცბაიას გუნდს 22 ტურში 42 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და ლიდერ ლიმასოლის „აპოლონს“ 5 ქულით ჩამორჩება. ფამაგუსტელები მომდევნო შეხვედრას 6 თებერვალს, ლარნაკაში, აეკ-თან გამართავენ.

0.10201